„ქართული ოცნების“ მხარდამჭერს სასამართლომ 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერს სასამართლომ 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
10:40 19.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერს, ქამარად მამედოვს საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის საგარეჯოს ოფისის ხელმძღვანელმა გელა კევლიშვილმა განუცხადა, მამედოვი ყვარლის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

მისივე თქმით, მამედოვი 17 აგვისტოს ინცინდენტის გამო დააკავეს.

კევლიშვილის განმარტებით, კოალიციის აქტივისტები იორმუღანლოს ბაზრობაზე აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილ „ქართული ოცნების“ გაზეთებს არიგებდნენ, როცა მიგზავნილი ახალგაზრდების ჯგუფმა პროვოკაციის მოწყობა სცადა.

კევლიშვილის თქმითვე, ახალგაზრდები გაზეთებს იტაცებდნენ, თუმცა „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ამ შემთხვევას ყურადღება არ მიაქციეს.

„როცა დავასრულეთ გაზეთების დარიგება და წამოსვლა დავაპირეთ, გზაზე მოაწყევს პროვოკაცია. ჩვენ წაყვანილი გვყავდა ჩვენი გადამღები ჯგუფი, იქვე მუშაობდა ყალბი „ინფო 9“-ის ჯგუფიც. პროვოკატორებს აერიათ, ჩვენი გადამღები ჯგუფი ეგონათ და ფსევდო „ინფო 9“-ის ჟურნალისტებს სცემეს და კამერა გაუფუჭეს. ჩვენი აქტივისტები ჟურნალისტებს დაეხმარნენ. შემდეგ კი, პოლიციაში ხალხი მოიყვანეს მოწმეებად და ახნა-განმარტება დააწერინეს - ვითომ ჩვენები დაესხნენ თავს ყალბი „ინფო 9“-ის გადამღებ ჯგუფს“- განუცხადა „ნიუსპრესს კევლიშვილმა.
ქამარად მამედოვს ბრალი 146-ე მუხლით წაუყენეს, რომელიც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს.

ბეჭდვა