სახალხო დამცველი ფოთის მერს სამსახურიდან გათავისუფლებული მოქალაქის საკითხის შესწავლას სთხოვს
სახალხო დამცველი ფოთის მერს სამსახურიდან გათავისუფლებული მოქალაქის საკითხის შესწავლას სთხოვს
11:23 17.08.2012
საქართველოს სახალხო დამცველი ფოთის მერს მოქალაქე ნაზიბროლა ღოღობერიძის საკითხის შესწავლასა და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას სთხოვს.

როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, ნაზიბროლა ღოღობერიძემ საქართველოს სახალხო დამცველს ფოთის მერის ბრძანებით მისი შრომის უფლების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების განცხადებით, საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ნაზიბროლა ღოღობერიძის უფლების დარღვევის ფაქტს ჰქონდა ადგილი.

„2011 წლის 1 იანვრამდე ნაზიბროლა ღოღობერიძე თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის სახაზინო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა. 2010 წლის 31 დეკემბერს ფოთის მერის ბრძანებით, ღოღობერიძე დაკავებული თანამდებობიდან სამსახურის რეორგანიზაციის გამო გათავისუფლდა“- აცხადებენ აპარატის თნამშრომლები.

მათივე თქმით, რეორგანიზაციის შედეგად, ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის სახაზინო განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის 6 საშტატო ერთეული ერთი საშტატო ერთეულით შემცირდა.

„ის, თუ რატომ მოხდა 6 მთავარი სპეციალისტიდან ღოღობერიძის თანამდებობიდან გათავისუფლება და რის საფუძველზე მიენიჭა დანარჩენ 5 სპეციალისტს უპირატესობა, ყველა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების მითითებით დასაბუთებული უნდა ყოფილიყო, რომელსაც მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა“ - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

მისივე ინფორმაციით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს სამართლებრივი წინამძღვრები, რომლითაც ფოთის მერიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტი იკვეთება.


ბეჭდვა