თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ რადიო „ჰერეთის“ სარჩელის სარეზოლუციო ნაწილი 31 აგვისტოს გამოცხადდება.
როგორც „ნიუსპრესს“ რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა რამაზ სამხარაძემ განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე საქმის განხილვა დასრულდა.
მისი თქმით, დღეს მხარეებს შორის პაექრობა გაიმართა, სადაც „ჰერეთის“ წარმომადგენლებმა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე ისაუბრეს, რომლებსაც 9 თვის განმავლობაში ამტკიცებდნენ.
სამხარაძის თქმით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 30 სექტემბრის სხდომაზე კომისიამ კონცეფციის შეფასებისას, რადიო „ჰერეთთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა არ გაითვალისწინა.
„კომისიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა უგულვებელყო. შპს „მედია ჰაუს დეკომის“ კონცეფცია საზღვარგარეთის მსმენელზე იყო გათვლილი, ხოლო რადიო „ჰერეთის“ ქართულ საზოგადოებასა და იმ გამოკითხულთა კატეგორიაზე, რომლებიც BCG კვლევაში მოხვდნენ“ - განაცხადა სამხარაძემ.
მისივე თქმით, კომისია ასახელებდა, რომ „ჰერეთს“ საბავშვო გადაცემები არ ჰქონდა. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი „ჰერეთის“ კონცეფციის ნაკლად ჩათვალეს.
„BCG კვლევა, რომლის საფუძველზეც კონკურსი გამოცხადდა, თბილისის მოსახლეობისთვის საბავშვო გადაცემების მომზადებას არ ითვალისწინებდა. საზოგადოებრივი აზრის კვლევაში მოსახლეობა ინფორმაციას და გართობას ითხოვდა, შესაბამისად, „ჰერეთის“ კონცეფციაში იგი აისახა“ - განაცხადა სამხარაძემ.
მისივე შეფასებით, რადიო „ჰერეთის“ შემთხვევაში დეტალურდ იყო აღწერილი ის მიზნობრივი სეგმენტი, რომელზე მაუწყებლობასაც რადიო გეგმავდა, საუბარია 24-დან 54 წლამდე ასაკის მსმენელზე.
„მთელი კონცეფცია რუბრიკების სახით იყო წარმოდგენილი და განმარტებული, საიდანაც 15% ინფორმაციას, ხოლო 85% გასართობ გადაცემებს ეთმობოდა. „მედია ჰაუს დეკომმა“ გადაცემის კონცეფცია დეტალურად ვერ წარადგინა“ - განაცხადა რამაზ სამხარაძემ.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2011 წლის 30 სექტემბერს თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად რადიო „ჰერეთის“ განცხადება არ დააკმაყოფილა და გამარჯვებულად შპს „მედია ჰაუს დეკომი“ - რადიო „ცხელი შოკოლადი“ გამოაცხადა.
რადიო „ჰერეთის“ ხელმძღვანელობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკანონს უწოდებს. საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ რადიო „ჰერეთის“ სარჩელის განხილვა უკვე 9 თვეა მიმდინარეობს.
