საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს ლანჩხუთში გუშინ მომხდარი ინციდენტი მყისიერად გამოიძიონ.
საია-ს ინფორმაციით, გუშინ, ლანჩხუთში „ინფო 9“-ს ოპერატორის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ფიზიკური ძალა. პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას სხეულის დაზიანება მიიღო ოპერატორმა დავით ჩავლეიშვილმა.
„გავრცელებული კადრებიდან დგინდება, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წინ გაჩერებული სამარშრუტო ტაქსის მგზავრების გადაღებისას, გადამღები ჯგუფის მიერ დასმულმა შეკითხვებმა ახალგაზრდა მამაკაცის გაღიზიანება გამოიწვია. მან ჯერ ჟურნალისტს დაუყვირა, ხოლო შემდეგ გადაღების შეწყვეტის მიზნით, კამერას ხელი დაარტყა. აღნიშნული მოქმედების გამო „ინფო 9“-ის ოპერატორს დავით ჩავლეიშვილს სახის არეში დაზიანება მიადგა. მოგვიანებით, ოპერატორი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ამასთანავე, დაზიანებულია სააგენტოს კუთვნილი აპარატურა“ - აცხადებენ ასოციაციაში.
საია მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ინციდენტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერად გამოიძიონ ქონების დაზიანების, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და სხეულის დაზიანების ფაქტი.
