ტოლერანტობის ცენტრი საზოგადოებას სიძულვილის ენის გამოყენებისგან თავშეკავებას ურჩევს
ტოლერანტობის ცენტრი საზოგადოებას სიძულვილის ენის გამოყენებისგან თავშეკავებას ურჩევს
12:46 16.08.2012
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი საზოგადოებას სიძულვილის ენის გამოყენებისგან თავშეკავებას ურჩევს.

როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, ბოლო პერიოდში საქართველოში სიძულვილის ენის ტირაჟირების ფაქტებმა იმატა და ახალი მიმართულება შეიძინა.

აპარატის ინფორმაციით, პოლიტიკური სპექტრის, მედიისა და ექსპერტების ერთი ნაწილის მხრიდან ქსენოფობური რიტორიკის მთავარი ელემენტი ანტითურქული პროპაგანდა გახდა.

„ანტითურქული განცხადებები კეთდება, როგორც პოლიტიკოსების, ისე მედიის წარმომადგენლების მიერ. პოლიტიკოსთა მხრიდან ხშირად ისმის განცხადებები - აჭარა „უნდა გაიწმინდოს ანტიქართული ძალებისგან“, შეწყდეს „თურქული ექსპანსია“ რეგიონის ტერიტორიაზე და სხვა. თურქოფობული აქცენტები გაკეთდა აჭარაში ბოლო პერიოდში გამართულ აქციაზეც“ - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატის თნამშრომლები.

მათივე თქმით, ანტითურქული მოწოდებები და განცხადებები ხშირად მედია სივრცეშიც ისმის. მედია რიგ შემთხვევაში, მსგავსი განცხადებების გამტარად გვევლინება, ხოლო რიგ შემთხვევებში, ავტორს თავად წარმოადგენს.

„აღნიშნული პროცესი თურქეთს, როგორც მტრულ ქვეყანას ისე წარმოაჩენს, რომელიც სხვადასხვა გზით - ეკონომიკურად, რელიგიურად, კულტურულად და პოლიტიკურად საქართველოს, განსაკუთრებით კი აჭარის, მიზანმიმართული დაპყობითაა დაკავებული. ბათუმში, შენობებზე გაჩნდა წარწერები: „ბათუმი თურქების გარეშე“, რაც სწორედ მსგავსი რიტორიკის გამოძახილად შეიძლება მივიჩნიოთ“ - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნული ერთი მხრივ, ქართულ-თურქულ მეგობრულ ურთიერთობებს მნიშვნელოვან დაბრკოლებას შეუქმნის, ხოლო მეორეს მხრივ შესაძლოა, საქართველოში მცხოვრები თურქები რეალური საფრთხეების წინაშე დააყენოს.

ტოლერანტობის ცენტრი პოლიტიკურ პარტიებს, მედიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ასევე, საჯარო პირებს ქსენოფობიის, სიძულვილის ენის გამოყენებისგან თავშეკავებას ურჩევს, რათა საზოგადოებაში ეთნიკური ან/და რელიგიური შეუწყნარებლობის წახალისება არ მოხდეს.

ბეჭდვა