თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ რადიო „ჰერეთის“ სარჩელი დღეს, მთავარ სხდომაზე განიხილება.
როგორც „ნიუსპრესს“ რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა რამაზ სამხარაძემ განუცხადა, სასამართლო დავა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების გაბათილების მოთხოვნით მიმდინარეობს.
„კომისიამ 30 სექტემბერს არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან რადიო „ცხელ შოკოლადს“ დოკუმენტაციის სრულად წარდგენა არ მოსთხოვა მაშინ, როცა „ჰერეთის“ ყველა სახის დოკუმენტაცია გამოითხოვა“ - განაცხადა სამხარაძემ.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2011 წლის 30 სექტემბერს თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად რადიო „ჰერეთის“ განცხადება არ დააკმაყოფილა და გამარჯვებულად შპს „მედია ჰაუს დეკომი“ - რადიო „ცხელი შოკოლადი“ გამოაცხადა.
რადიო „ჰერეთის“ ხელმძღვანელობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკანონს უწოდებს. საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ რადიო „ჰერეთის“ სარჩელის განხილვა უკვე 9 თვეა მიმდინარეობს.
დღეს სასამართლო სხდომის დასკვნითი ეტაპი გაიმართება, რომელზეც სავარაუდოდ, გადაწყდება გააუქმებს თუ არა კომუნიკაციების ეროვნული კომისია 30 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას.
