ომბუდსმენი პროკურორ გენადი ბაღდასაროვის წინააღმდეგ სამართალწარმოების დაწყებას ითხოვს
ომბუდსმენი პროკურორ გენადი ბაღდასაროვის წინააღმდეგ სამართალწარმოების დაწყებას ითხოვს
17:52 15.08.2012
სახალხო დამცველმა მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსს პროკურორ გენადი ბაღდასაროვის წინააღმდეგ  დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების წინადადებით მიმართა.

როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, 2012 წლის 31 მაისს სახალხო დამცველს ბრალდებულ ვახტანგ ძიძიშვილის ადვოკატებმა განცხადებით მიმართეს, საიდანაც განცხადებიდან ირკვევა, რომ თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, გამოძიების საპროკურორო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გენადი ბაღდასაროვისა და გამომძიებელ ილია ყუფუნიას წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ვახტანგ ძიძიშვილის მიმართ.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროკურორო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გენადი ბაღდასაროვის მიერ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ბრალდებულ ვახტანგ ძიძიშვილის დაცვის უფლების დარღვევას.

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ 2012 წლის 4 აპრილს დაახლოებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში გამოცხადდა გამომძიებელი ილია ყუფუნია, რომელიც აპირებდა ბრალდებულ ვახტანგ ძიძიშვილისთვის ბრალის წაყენებას.

ბრალდებულმა ადვოკატის დახმარება მოითხოვა, რათა უკეთ გარკვეულიყო შექმნილ ვითარებაში. გამომძიებელმა ბრალდებულის კანონიერი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ის დაუკავშირდა საპროცესო ხელმძღვანელს, პროკურორ გენადი ბაღდასაროვს და მას მიანდო მდგომარეობის გარკვევა. მოგვიანებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში მივიდა პროკურორი გენადი ბაღდასაროვი, რომელმაც ვახტანგ ძიძიშვილის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილების ხელმოწერაზე უარის მიზეზის დადგენა სცადა. ბრალდებულმა ისევ მოითხოვა ადვოკატის დახმარება, თუმცა, ამჯერადაც უშედეგოდ.

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ თუ ბრალდებულს სურს ადვოკატის აყვანა და მისი მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმეში, ეს მისი კანონიერი უფლებაა და ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობის დროს ბრალდებულს არ მიეცა საშუალება მიეწვია ადვოკატი. შესაბამისად, დაირღვა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვით, პროკურორი თავის საქმიანობას კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით უნდა ახორციელებდეს.

ბეჭდვა