" საქართველოს გზა" გარდაცვლილი ბრალდებულის, სოსო ქიმერიძის საქმეში ჩართული ყველა პოლიციელის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.
როგორც დღეს ბრიფინგზე "სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მამუკა ბალიაშვილმა განაცხადა, ფაქტია, რომ ქიმერიძის ცხედარს წამება ეტყობა და ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ეჭვმიტანილის ამ ფორმით სიკვდილი მასსტაბურ პოლიტიკურ რეზონანსს გამოიწვევდა.
"გუშინწინ სააკაშვილი ამაყობდა პოლიციის გამჭირვალე შენობით და აცხადებდა, რომ ამ შენობაში აღარ ხდება ადამიანების წამება. დავბრუნდით იქ საიდანაც დავიწყეთ - თარგამაძის დროში, როდესაც ადამიანებს აწამებდნენ და შენობების ფანჯრებიდან ყრიდნენ. შესაძლოა, ეჭვმიტანილის სტატუსით დაკავებული სოსო ქიმერიძე პოლიციის თანამშრომლებმა აწამეს და შემდეგ კიბეებზე დააგორეს ანმოაჯირიდან გადმოაგდეს" - განაცხადა ბალიაშვილმა.
ხაშურში, ქურდობის ბრალდებით დაკავებული სოსო ქიმერიძე 28 თებერვალს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები გახდა, რომელიც ქიმერიძემ პოლიციაში, კიბის მოაჯირიდან გადმოვარდნის დროს მიიღო.
