საია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კანონსაწინააღმდეგო აქტის გაუქმებისკენ მოუწოდებს
საია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კანონსაწინააღმდეგო აქტის გაუქმებისკენ მოუწოდებს
12:21 15.08.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კანონსაწინააღმდეგო აქტის გაუქმებისკენ მოუწოდებს.

როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, 6 აგვისტოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა, რომლითაც საარჩევნო სუბიექტებს, მაუწყებლებსა და გაზეთებს მთელი რიგი ვალდებულებები უდგინდებათ.

საია-ს ინფორმაციით, ბრძანების მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებმა ერთი კვირის განმავლობაში ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისთვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის ღირებულება წინასწარ უნდა გადაიხადონ.

ასევე, საარჩევნო სუბიექტებმა, მაუწყებლებმა და გაზეთებმა ანგარიშსწორების განხორციელებიდან არა უგვიანეს 24 საათისა ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა მიაწოდონ.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოცემული ბრძანება კანონით დადგენილ ჩარჩოებს სცდება, რამეთუ აღნიშნული უწყების კომპეტენციას არ მიეკუთვნება, განსაზღვროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მაუწყებლებთან და გაზეთებთან რეკლამის განთავსების მიზნით გარიგებაში შესვლის წესი, ანგარიშსწორების სახე და გადახდილი თანხის მოცულობა“ - აცხადებენ საია-ს წარმომადგენლები.

მათივე თქმით, აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა თავად მხარეების უფლებაა და არა სახელმწიფო დაწესებულების რეგულირების საგანი.

საია-ში მიიჩნევენ, რომ საქმიან ურთიერთობაში შესვლისა და ანგარიშსწორების პირობების დადგენა გამჭვირვალობის წესის დადგენის კომპეტენციას სცილდება და კანონის ჩარჩოებში არაა მოქცეული.

„გარდა იმისა, რომ მითითებული წესების შემოღება ეწინააღმდეგება კანონს, ის ამავდროულად, საარჩევნო სუბიექტებისთვის გაუმართლებელ შეზღუდვებს ადგენს, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა, მათ ხელოვნური ბარიერებიც კი შეუქმნას. ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ წარმოუდგენია კონკრეტული დასაბუთება, თუ რატომ გახდა აუცილებელი აღნიშნული წესების შემოღება“ - აცხადებენ საია-ში.

მათივე თქმით, ქართული კანონმდებლობით, წინასაარჩევნოდ მედიის საქმიანობის კონტროლი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქციაა.

საია-ს განცხადების თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინაშე დამატებითი ვალდებულების დაკისრება მედიაორგანიზაციებისთვის მძიმე ტვირთი იქნება.

საია-ს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო სუბიექტს, მაუწყებელსა და გაზეთს, რომელთაც აღნიშნული შეზღუდვები ეხებათ, ზემოაღნიშნული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვთ.

ბეჭდვა