სახალხო დამცველი შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსს მიმართავს
სახალხო დამცველი შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსს მიმართავს
12:08 15.08.2012
სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს გამომძიებელ ილია ყუფუნიას წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების წინადადებით მიმართა.

როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველის აპარატიდან ცნობეს, 2012 წლის 31 მაისს სახალხო დამცველს განცხადებით ბრალდებულ ვახტანგ ძიძიშვილის ადვოკატებმა მიმართეს.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, განცხადებიდან ირკვევა, რომ გამოძიების საპროკურორო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გენადი ბაღდასაროვისა და გამომძიებელ ილია ყუფუნიას წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ვახტანგ ძიძიშვილის მიმართ.

სახალხო დამცველის აპარატმა საქმის მასალების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მთავარი გამომძიებლის ილია ყუფუნიას მიერ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ბრალდებულ ვ. ძიძიშვილის დაცვის უფლების დარღვევას.

ომბუდსმენის აპარტის ცნობით, 2012 წლის 4 აპრილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში გამოცხადდა გამომძიებელი ილია ყუფუნია, რომელიც აპირებდა ბრალდებულ ვახტანგ ძიძიშვილისთვის ბრალის წაყენებას. ბრალდებულმა ადვოკატის დახმარება მოითხოვა, რათა უკეთ გარკვეულიყო შექმნილ ვითარებაში. გამომძიებელმა ბრალდებულის კანონიერი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ის დაუკავშირდა საპროცესო ხელმძღვანელს, პროკურორ გენადი ბაღდასაროვს და მას მიანდო მდგომარეობის გარკვევა. მოგვიანებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში მივიდა პროკურორი გენადი ბაღდასაროვი, რომელმაც სცადა ვახტანგ ძიძიშვილის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილების ხელმოწერაზე უარის მიზეზის დადგენა. ბრალდებულმა ისევ მოითხოვა ადვოკატის დახმარება, თუმცა, ამჯერადაც უშედეგოდ.

სახალხო დამცველის აპარატში განმარტავენ, რომ თუ ბრალდებულს სურს ადვოკატის აყვანა და მისი მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმეში, ეს მისი კანონიერი უფლებაა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს.

ამასთან, ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ადვოკატის დახმარებით სარგებლობის უფლება სამართლიანი სასამართლოს პრინციპის ცენტრალური ელემენტია. შეზღუდვა განპირობებული უნდა იყოს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და არსებით საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ეფექტიანი დაცვის არსს.

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ბრალდებულ ვახტანგ ძიძიშვილის შემთხვევაში, მას ჰქონდა სურვილი ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობას დასწრებოდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, სახეზე არ იყო უფლების შეზღუდვის უკიდურესი აუცილებლობა, მაგრამ გამომძიებელმა არ შეასრულა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები. ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობის დროს ბრალდებულს არ მისცა საშუალება მიეწვია ადვოკატი. შესაბამისად, დაირღვია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვით გამომძიებელი თავის საქმიანობას უნდა ახორციელებდეს კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით.

ბეჭდვა