შსს-მ მთაწმინდის მე-14 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
 შსს-მ მთაწმინდის მე-14 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
14:06 10.06.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო მთაწმინდის მე-14 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში 10 ივნისს დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

ამ ეტაპზე დგინდება, რომ 9 ივნისს, თბილისში, ჯამბულის ქუჩაზე მდებარე N14 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე 1986 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, კერძოდ იგი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა მოქალაქეებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის მიერ აღნიშნული ფაქტის შესწავლით, არ დგინდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

მიმდინარეობს ინციდენტის შემსწრე პირთა გამოკითხვები.

ბეჭდვა