თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - კოალიცია „ქართული
ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის 20 243 827 ლარით დაჯარიმების შესახებ.
დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა შალვა თადუმაძემ და სანდრო ბარამიძემ განმარტეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ სხვადასხვა დროს განაღდებული თანხა საჩუქრად მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს გადასცა. ამის მიზანი კი, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული თანხის ოჯახის მიმდინარე ხარჯებზე მიმართვა იყო. ამასთან, ადვოკატები განმარტავენ, რომ თანხის 99% ისევ ივანიშვილთან ინახება, რაც სანოტარო აქტით და თანდართული ვიდეომასალით დასტურდება.
მათი განმარტებით, თანხა, რომელიც ივანიშვილმა საკუთარი ანგარიშიდან გაიტანა, არავის სასარგებლოდ არ ყოფილა შეტანილი შემოწირულობის სახით ან კანონის გვერდის ავლით და ოჯახში ინახება.
მათივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ თანხები ერთმანეთს არ ემთხვევა და სხვადასხვა ფიზიკური პირის მიერ შემოწირულობის სახით კოალიცია „ქართული ოცნებისთვისაა“ გადარიცხული, მტკიცებულებებით არ დასტურდება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ანგარიშიდან თანხა დროის სხვადასხვა მონაკვეთში გაჰქონდა. აღნიშნული დრო კი, ხშირად ემთხვეოდა სხვადასხვა ფიზიკური პირის მიერ კოალიციის ანგარიშზე შემოწირულობის სახით თანხების გადარიცხვას.
მოსამართლე ნათია ქუთათელაძემ აპელანტების სარჩელი არ დააკმაყოფილა. უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილება. გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბიძინა ივანიშვილს ანგარიშებიდან გატანილი თანხის უკან დაბრუნების წინადადებით 8 აგვისტოს მიმართა. სამსხურში მიიჩნიეს, რომ ივანიშვილი თანხას კონკრეტული ფიზიკური პირების საშუალებით, კანონის გვერდის ავლით, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შემოწირულობის სახით ურიცხავდა.
