უფლებადამცველთა გაერთიანება ბეშუმსა და დიდგორზე განვითარებული მოვლენების გამოძიებას და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ
სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.
შესაბამისი განცხადებით, ორგანიზაციამ დღეს მთავარ პროკურატურას მიმართა.
როგორც უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, ბეშუმობისა და დიდგორობის დღესასწაულზე გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა, არცერთი განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანი არ შეუშვეს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 142 - ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. კერძოდ, ამ შემთხვევაში, საქმე ეხება ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას პოლიტიკური ნიშნით.
მჟვანაძის თქმით, აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დატოვების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.
უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელის განმარტებით, ასევე, მთავარ პროკურატურას დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები გადაეცა - პოლიციელებისა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების სატელევიზიო კომენტარები, სადაც ისინი აცხადებენ, რომ დღესასწაულებზე არ დაუშვებენ „ქართული ოცნებისა“ და სხვა პარტიების წარმომადგენლებს და მოქალაქეები მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიწოდებული სიებით დაიშვებიან.
„საქართველოს პრეზიდენტმა საერო დღესასწაულები პარტიულ დღესასწაულებად აქცია. როგორც ჩანს, მას ჰგონია, რომ ბეშუმობა და დიდგორობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დღესასწაულებია“ - განაცხადა მჟავანაძემ და მთავარი პროკურატურისგან აღნიშნულ ფაქტებზე დაუყონებლივ რეაგირება მოითხოვა.
