სახალხო დამცველის ოფისი სოსო ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს
სახალხო დამცველის ოფისი სოსო ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს
13:48 01.03.2012
სახალხო დამცველის ოფისი სოსო ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული, 28 თებერვალს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის თანამშრომლები ხაშურის პოლიციის რაიონულ სამმართველოში იმყოფებოდნენ. მათ შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს და სამმართველოს უფროსის მოადგილეს ავთანდილ სამსონიძეს გაესაუბრნენ.
"სამსონიძის თქმით, ქიმერიძე მეორე სართულზე ჩამოჰყავდათ დაზარალებულთან შესახვედრად, როცა მესამე სართულის კიბის მოაჯირიდან გადავარდა, რაც მასთან ერთად მყოფ სამმართველოს თანამშრომელს არ შეუნიშნავს", - ნათქვამია განცხადებაში.

საქმის დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა შიდა ქართლისა და მცხეთა–მთიანეთის საოლქო პროკურატურას და ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე ინფორმაცია მოითხოვა.
"ქიმერიძემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო მაშინ, როდესაც პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ნებისმიერი ასეთი დაზიანება ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად დამკვიდრებული სტანდარტით, წარმოშობს პრეზუმფციას, რომ შესაძლოა პირი არაადამიანური ან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი იყოს. მსგავს შემთხვევაში სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული ვალდებულება აწარმოოს სრული, ყოველმხრივი და ობიეტური გამოძიება და წარმოადგინოს დამაჯერებელი ახსნა-განმარტება, თუ რამ გამოიწვია ხსენებული დაზიანებები,"- ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობაში ბრალდებული ქიმერიძე, 28 თებერვალს, მოაჯირიდან გადმოვარდნის შედეგად მიღებული სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო გარდაიცვალა.

ბეჭდვა