საქართველოს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული პ.ბ-ს უფლებების დარღვევის ფაქტის გამო გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები 2 აგვისტოს #8 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულ პ.ბ-ს შეხვდნენ.
აპარატის ინფორმაციით, 2012 წლის 15 ივლისს დაწესებულების ერთ–ერთი ოფიცერი შვებულებაში იმყოფებოდა და მას ოფიცერი ნიკა თოლორდავა ცვლიდა.
„პატიმრის გადმოცემით, 15 ივლისს, დაახლოებით 20:30 საათზე, იგი თავის ორ თანასაკნელთან ერთად, საპირფარეშოში სიგარეტს ეწეოდა. აღნიშნულის გამო ოფიცერმა ნიკა თოლორდავამ პატიმრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ისინი საპირფარეშოდან გამოიყვანა, დასჯის მიზნით ფეხზე ორ მწკრივად დააყენა და ასეთ მდგომარეობაში დაახლოებით 2 საათი და 30 წუთი ამყოფა“ - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები.
მათივე ინფორმაციით, მეორე დღეს, როდესაც საკანში მყოფი პატიმრები სასეირნო ეზოში გაჰყავდათ, პ.ბ ფეხის ტკივილის გამო აჩქარებული ნაბიჯით მოძრაობდა და არა სირბილით.
„ამის გამო, ოფიცერმა ნიკა თოლორდავამ მსჯავრდებული პ.ბ თანასაკნელებთან ერთად საკანში დააბრუნა და კვლავ ფეხზე დგომით დასაჯა, რაც დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა“ - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
მათივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ #8 დაწესებულების D-63 საკანში განთავსებულ პატიმრებს, რომლებმაც ზემოაღნიშნული ფაქტები დაადასტურეს.
