სახალხო დამცველი მსჯავრდებულის უფლებების დარღვევის ფაქტის გამოძიებას ითხოვს
სახალხო დამცველი მსჯავრდებულის უფლებების დარღვევის ფაქტის გამოძიებას ითხოვს
11:40 13.08.2012
საქართველოს სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ ვ.ი.-ს მიმართ განხორციელებული უფლებადარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, მთავარ პროკურორს გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველს #8 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის ვ.ი.-ს ინტერესების დამცველმა განცხადებით 1 აგვისტოს მიმართა.

„განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მსჯავრდებული ტუბერკულოზითაა დაავადებული. მიუხედავად ამისა, ის 14 დღის განმავლობაში #8 დაწესებულების სარდაფში ჰყავდათ“ - აცხადებენ აპარატში.

მათივე თქმით, 2 აგვისტოს სახალხო დამცველის რწმუნებულები #8 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულ ვ.ი.-ს შეხვდნენ და გაესაუბრნენ.

„მსჯავრდებულის თქმით, დაახლოებით ორი კვირის წინ მას თავის თანასაკნელთან შელაპარაკება მოუვიდა, რის გამოც #8 დაწესებულების თანამშრომელმა დასჯის მიზნით, ორი კვირის განმავლობაში ე.წ. ბოქსში მოათავსა, სადაც მსჯავრდებულს არც საწოლი, არც ლეიბი, არც გადასაფარებელი არ ჰქონდა და იატაკზე ეძინა“ - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები.

მათივე ინფორმაციით, მსჯავრდებული ამ ხნის განმავლობაში ექიმს არ უნახავს.

ბეჭდვა