პოლიციის თანამშრომლები იმისთვის, რომ ფორმაში იყვნენ წვრთნებს მუდმივად გადიან.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა
სალომე მახარაძემ ტელეკომპანია „მაესტროზე“ გასული სიუჟეტის კომენტირებისას განუცხადა.
„თუ ტელევიზიის მიერ გავრცელებული კადრები ნამდვილად ზუგდიდის სამმართველოს ტერიტორიაზეა გადაღებული, მაზე ასახული იქნება სამართლადამცავების გეგმიური წვრთნა და ამაში სენსაციური არაფერია“ - აცხადებს მახარაძე.
მისივე განმარტებით, პოლიციელებს ფიზიკური მომზადება სისტემატურად სჭირდებათ, რადგან გარკვეული პერიოდულობით ნორმატივები აქვთ ჩასაბარებელი.
10 აგვისტოს ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში ნაჩვენებია ზუგდიდის მეორე სამმართველოს ეზოში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული რამდენიმე ათეული ადამიანის წვრთნის პროცესი. კადრებში ასახული მოქალაქეები ფარებითა და ხელკეტებით არიან აღჭურვილი.
