თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო.
როგორც „ნიუსპრეს“ კოალიციაში განუცხადეს, პროცესზე ივანიშვილის წინააღმდეგ აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი განიხილება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახი კალაძეს ანგარიშებიდან გატანილი თანხის უკან დაბრუნების წინადადებით მიმართა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დასახელებულ პერიოდში ივანიშვილმა 5.552.135, ხოლო კახი კალაძემ 3.388.992 ლარი გაანაღდა.
ადვოკატის შალვა თადუმაძის განმარტებით, აუდიტის სამსახური ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი საბანკო ანგარიშიდან 2 900 000 დოლარის, 700 000 ლარისა და 700 ევროს ნაღდი ფულის სახით გამოტანის გამო დაჯარიმებას მოითხოვს.
სასამართლომ დეპუტატობის კანდიდატის კახი კალაძის უძრავ-მოძრავ ქონებას ყადაღა გუშინ დაადო და ჯარიმის სახით 16 944 960 ლარი დააკისრა.
