რამაზ სამხარაძე -კომუნიკაციების კომისიას და „მედია ჰაუს დეკომს“ ბუნდოვანი პასუხები აქვთ
რამაზ სამხარაძე -კომუნიკაციების კომისიას და „მედია ჰაუს დეკომს“ ბუნდოვანი პასუხები აქვთ
18:38 10.08.2012
თბილისის საქალაქო სამსამართლოში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ რადიო „ჰერეთის“ სარჩელი 16 აგვისტოს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე განიხილება.
როგორც „ნიუსპრესს“ რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა რამაზ სამხარაძემ განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე შპს „მედია ჰაუს დეკომმა“ - რადიო „ცხელი შოკოლადი“, თავისი მსხვილი გერმანელი პარტნიორის - კომპანია „ვიდოფონის“ შესახებ ინფორმაცია ვერ წარადგინა.
მისი თქმით, „მედია ჰაუს დეკომ“ – რადიო „ცხელი შოკოლადის“ წარმომადგენლებმა დღესაც ვერ განმარტეს, თუ რატომ შეიცვალა „ვიდოფონმა“ სახელი 2010 წელს და რატომ არ იცოდა აღნიშნულის შესახებ კომუნიკაციების კომისიამ 30 სექტემბრის სხდომაზე.
„კომპანია „ვიდოფონმა“ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მიღების კონკურსამდე სახელწოდება შეიცვალა და „დეკომი“ დაირქვა, თუმცა, დღემდე წერილები „ვიდოფონის“ სახელით მოდიოდა. აქედან გამომდინარე, რადიომაუწყებლობის ლიცენზია არარსებულ კომპანიას მიეცა“ - განაცხადა სამხარაძემ.
მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე, როგორც კომუნიკაციების კომისიამ, ასევე, „მედია ჰაუს დეკომმა“ აღნიშნულ საკითხს ძალიან ბუნდოვანი პასუხები გასცა.
„კომისიამ 30 სექტემბერს არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან „ცხელ შოკოლადს“ დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენა არ მოსთხოვა. მაშინ, როცა „ჰერეთისგან“ ყველა სახის დოკუმენტაცია გამოითხოვა“ - განაცხადა სამხარაძემ.
მისი თქმით, „ცხელი შოკოლადის“ მიერ დღემდე წარმოდგენილი ვერცერთი დოკუმენტაცია ვერ ადასტურებს, არის თუ არა „მედია ჰაუს დეკომი“ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული.
მისივე განცხადებით, ოფშორულ ზონასთან პირდაპირი ან ირიბი კავშირის არარსებობის შემთხვევაში, რადიომაუწყებლობისთვის ლიცენზიის გაცემა დაუშვებელია.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2011 წლის 30 სექტემბერს თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად რადიო „ჰერეთის“ განცხადება არ დააკმაყოფილა და გამარჯვებულად შპს „მედია ჰაუს დეკომი“ - რადიო „ცხელი შოკოლადი“ გამოაცხადა.
რადიო „ჰერეთის“ ხელმძღვანელობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკანონს უწოდებს. საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ რადიო „ჰერეთის“ სარჩელის განხილვა უკვე 7 თვეა მიმდინარეობს.
16 აგვისტოს სასამართლო სხდომის დასკვნითი ეტაპი გაიმართება, რომელზეც სავარაუდოდ, გადაწყდება გააუქმებს თუ არა კომუნიკაციების ეროვნული კომისია 30 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას.

ბეჭდვა