არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ბუნტი არასათანადო მოპყრობის მიზეზით მოხდა
არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ბუნტი არასათანადო მოპყრობის მიზეზით მოხდა
17:30 09.08.2012
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N11-ე არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის მიზეზად, დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან შემოღებული შეზღუდვები და პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობა სახელდება. ამის შესახებ, არასრულწლოვანთა განცხადებებზე დაყრდნობით სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული.
8 აგვისტოს გვიან ღამით სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რის გამოც ომბუდსმენის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე მივიდნენ.
როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, დაწესებულებაში რიცხული 122 მსჯავრდებულიდან 60 სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N16-ე, ხოლო 47 მსჯავრდებული - რუსთავის N17-ე დაწესებულებაში გადაიყვანეს, 15 მსჯავრდებული კი, ადგილზე იმყოფებოდა.
„არასრულწლოვანთა განცხადებით, ინციდენტი დაკავშირებული იყო გარკვეულ შეზღუდვებთან, რომლებიც უკანასკნელი პერიოდის მანძილზე ადმინისტრაციის მხრიდან დაწესდა. გარდა ამისა, მათი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მათ მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, რაც ასევე, მათი გადმოცემით, ბოლო პერიოდში გახშირდა“ - ნათქვმია განცხადებაში.
ამასთან, არასრულწლოვნების თქმით, მათი ეტაპირება მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე განხორციელდა.
მსჯავრდებულთა განცხადებით, ინციდენტისას და ინციდენტის შემდეგ, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია. ასევე, არ დაშავებულან დაწესებულების თანამშრომლები.
„არასრულწლოვნებს, ახალ დაწესებულებებში დაუყოვნებლივ მიეწოდათ ლეიბები, ბალიშები, თეთრეული, პირველადი მოხმარების საგნები და ჰიგიენური ნივთები. ისინი განთავსებისთანავე ინახულეს მიმღები დაწესებულების ექიმებმა“ - აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველის წარმომადგენლების ინფორმაციით, მოცემული მომენტისთვის N11-ე დაწესებულების საცხოვრებელი კორპუსი ფუნქციურად გამოუსადეგარია და გადაუდებელ რემონტს საჭიროებს.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო უმოკლეს დროში აღადგენს დაწესებულების ნორმალური მუშაობის რეჟიმს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ცნობით, არასრულწლოვანთა №11-ე აღმზრდელობით დაწესებულებაში ზოგიერთმა არასრულწლოვანმა მსჯავრდებულმა დღის წესრიგის უხეშად დარღვევის ინსპირირება მოახდინა, რამაც ინფრასტრუქტურისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილის დაზიანება გამოიწვია.

ბეჭდვა