დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 13 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ
დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 13 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ
13:19 17.04.2019
საქართველოს პროკურატურამ სამეგრელოს რეგიონში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის 13 ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულთა უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად და ისინი შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა.

დეპარტამენტი მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, რათა 13 დაზარალებულ მოქალაქეს დაუბრუნდეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთები.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.



ბეჭდვა