იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2018 წლის ანგარიში განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2018 წლის ანგარიში განიხილა
14:55 02.04.2019
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის მოსმენამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, ჭავჭავაძის 5 ნომერში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და ყველა შესაბამისი კომპეტენციის სახელმწიფო დაწესებულებას პროცესის მაქსიმალურ კონტროლზე აყვანისკენ მოუწოდა.

"მინდა მივუსამძიმრო ჭავჭავაძის 5 ნომერში დაღუპულთა ოჯახებს. ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი და მძიმე ტრაგედია. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში კონკრეტული მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული შრომითი უფლებების დასაცავად, თუმცა ფაქტია, რომ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა კიდევ უფრო მეტი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი თითოეული მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამიტომ მე მოვუწოდებ ყველა სახელმწიფო დაწესებულებას, ვისაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია, რომ მოახდინოს რეაგირება, ყველა ფაქტის დროული გამოვლენა, გამოძიების დროულად და გონივრულ ვადებში წარმართვა და პროცესის მაქსიმალურ კონტროლზე აყვანა. მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტურად დავიცვათ მოქალაქეთა უფლებები, მათი სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ძალიან ბევრი პოზიტიური ნაბიჯი იქნა გადადგმული მშრომელთა უფლებების დასაცავად და ეს არის მისასალმებელი ფაქტი, თუმცა ჩვენ გვმართებს კიდევ უფრო მეტი მოქმედება", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დღევანდელ სხდომაზე აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს გამოეხმაურა.

"დღეს აღინიშნება აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და საქართველოშიც აღვნიშნავთ ჩვენ ამ დღეს. ამის მიზანია ამაღლდეს ცნობიერება ჩვენს საზოგადოებაში. აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანები არიან თანასწორნი. ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ მათი ფუნდამენტური უფლებები. აუცილებელია, ასევე ისიც აღინიშნოს, რომ ისინი ძალიან წარმატებული შეიძლება იყვნენ ძალიან ბევრ სფეროში. აქედან გამომდინარე, ჩვენი სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა დაიცვას ამ ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და ჩვენ განვახორციელოთ ჩვენი საერთაშორისო ნაკისრი ვალდებულებების პირნათლად შესრულება", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებების შემდეგ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2018 წლის ანგარიში წარმოადგინა.

"ვინაიდან წელს, ივლისში, 6 წელი გადის მას შემდეგ, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი არსებობს, მე ამ ფორმატში და ამ სტატუსში ბოლოჯერ მიწევს ანგარიშის წარმოდგენა თქვენთვის. ამიტომ, წლევანდელი ანგარიში ოდნავ განსხვავებულია. რა თქმა უნდა, ჩვენ ძირითადად შევეხეთ 2018 წელს, როგორც ეს კანონმდებლობით არის განსაზღვრული, მაგრამ 2018 წელს გამოვლენილი დარღვევების, პროგრესის და გამოწვევების გარდა, ჩვენ, ასევე ავსახეთ 6 წლის სტატისტიკური ინფორმაციაც, რომელიც იძლევა საშუალებას ამ 6 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა გაანალიზდეს და ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების თვალსაზრისით არსებული ტენდენციების ანალიზიც განხორციელდეს.
ჩვენ 2013 წელს დავიწყეთ 8 მოქალაქის მომართვითა და 2 ინსპექტირებით და მას შემდეგ ზრდის ტენდენცია უცვლელია. უკვე 2018 წელს მოქალაქეების 382 მომართვისა და ჩატარებული 148 ინსპექტირების შედეგად, აპარატმა საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავების 470 პროცესი შეისწავლა. აქედან გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 266 ფაქტი. 72 ფაქტზე მოხდა ჯარიმის დაკისრება, 61 ფაქტზე – გაფრთხილება და გაიცა შესასრულებლად სავალდებულო 316 მითითება და დავალება. ასევე, დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო 7 საქმე გადაგზავნილი იქნა შესაბამის სამართალდამცავ უწყებებში", - განაცხადა თამარ ქალდანმა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა აღნიშნა, რომ მოქალაქეთა მომართვიანობისა და ჩატარებული ინსპექტირების რაოდენობის ზრდის ფონზე, გასული ექვსი წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა, მართალია ძალიან მცირედით, მაგრამ მაინც, კლება სამართალდარღვევების რაოდენობის თვალსაზრისით.

მისივე თქმით, საკონსულტაციო შეხვედრებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ საჯარო სექტორში და ასევე, მსხვილ კერძო ორგანიზაციებში საგრძნობლად არის გაზრდილი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ინფორმირებულობის დონე და ასევე, ინსპექტორის აპარატთან წინასწარი კონსულტაციის გავლის მიმართ ინტერესი.

"მხოლოდ გასულ წელს, ჩვენ 6100-ზე მეტი კონსულტაცია გავეცით და რა თქმა უნდა, გარკვეულ პროგრესთან ერთად, ცხადია რჩება გამოწვევები. ზოგადად, უფრო ფართოდ თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, პირადი ცხოვრების დაცულობის თვალსაზრისით ჩვენ სხვა უფრო ფართო გამოწვევებიც გვაქვს, მათ შორის ეფექტური და დროული საგამოძიებო მოქმედებები ფარულ კადრებთან დაკავშირებით, მაგრამ მე აქცენტს გავაკეთებთ იმ გამოწვევებზე, რომელთანაც გამკლავება ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შეგვიძლია. ასეთ გამოწვევებს შორის 2018 წელს დაფიქსირდა: მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და არასამსახურებრივი მიზნებით გადამოწმება, მონაცემთა კანონდარღვევით გამჟღავნება, არასრულწლოვანთა მონაცემების მიმართ მეტი სიფრთხილის გამოჩენის საჭიროება, საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვა და სხვა", - განაცხადა თამარ ქალდანმა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა საჯარო სექტორში მონაცემთა დამუშავებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის მიერ შესწავლილი იქნა სამინისტროების, საარჩევნო ადმინისტრაციის, სასამართლოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათ შორის საჯარო სამსახურის ბიუროს, საჯარო სკოლებისა და სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ მონაცემთა დამუშავების 115 ფაქტი.

"70 სამართალდარღვევის ფაქტზე 11 შემთხვევაში გამოყენებულ იქნა ჯარიმა, ხოლო 7 შემთხვევაში - გაფრთხილება; გარკვეულ დარღვევებზე, ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება ვერ მოხდა, თუმცა გაიცა 50 შესასრულებლად სავალდებულო მითითება და რეკომენდაცია", - განაცხადა თამარ ქალდანმა.

მისივე თქმით, 2018 წელს მზარდი იყო საჯარო ორგანიზაციების მიმართვიანობა კონსულტაციებისთვის. კერძოდ, გასულ წელს ინსპექტორის აპარატმა 915 კონსულტაცია გაუწია საჯარო დაწესებულებებს. ასევე, ჩატარდა ათეულობით ტრენინგი და სამუშაო შეხვედრა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დარღვევებზე საუბრისას განაცხადა, რომ 2018 წელს გამოვლინდა საჯარო დაწესებულებების მონაცემთა ბაზებზე მოხელეთა არასამსახურებრივი მიზნით წვდომისა და ინფორმაციის კონფიდენციალობის დარღვევის რამდენიმე ფაქტი.

"აღსანიშნავია, რომ თავად უწყებებიც ახდენენ რეაგირებას და დისციპლინურ წარმოებას. ეს მნიშვნელოვანია საკითხია, ვინაიდან გარე კონტროლის მექანიზმებთან ერთად შიდა კონტროლის მექანიზმებიც ეფექტიანად უნდა ფუნქციონირებდეს. ამ მიმართულებით, კიდევ უფრო მეტად შეიძლება გარკვეულ უწყებებში შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერება", - აღნიშნა თამარ ქალდანმა.

მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა არასრულწლოვანთა შესახებ მონაცემების დამუშავების კუთხით რამდენიმე გამოწვევა.

თამარ ქალდანმა, თავის გამოსვლაში, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და კომიტეტის წევრებს ამ საკითხთან დაკავშირებით ინსპექტორის აპარატის რეკომენდაცია გააცნო.

"იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრონული სიის ფორმატირება, დაჯგუფება და ა.შ. ძალიან მარტივად არის შესაძლებელი და დგება რისკი არაპროპორციული მოცულობით მონაცემთა დამუშავების და ასევე, არაუფლებამოსილი პირებისთვის ამ მონაცემებზე წვდომის, ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ ყველა დაინტერესებული მხარის და ყველა ინტერესის გათვალისწინებით კიდევ ერთხელ მოხდეს არსებული საკანონმდებლო რეგულაციის შეფასება და გაძლიერდეს მონაცემთა დაცვის სტანდარტი", - აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა.

სამართალდამცავი ორგანოების მიერ მონაცემთა დამუშავებაზე საუბრისას, თამარ ქალდანმა განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის აპარატმა 42 მოქალაქის განცხადებების განხილვისა და 20 ინსპექტირების ფარგლებში სამართალდამცავ ორგანოთა მიერ სხვადასხვა მიზნით მონაცემთა დამუშავების 70-მდე პროცესი შეისწავლა.

"5 შემთხვევაში გამოყენებულ იქნა ჯარიმა, 2 შემთხვევაში – გაფრთხილება, 13 შემთხვევაში კი პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხდა, კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, თუმცა გაიცა 40-მდე დავალება და რეკომენდაცია. 2018 წელს შემცირდა სამართალდამცავ სექტორში გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა და ასევე, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მომართვიანობა პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოთვალთვალის საკითხებზე, რაც შეიძლება მიუთითებდეს, როგორც საკანომდებლო ცვლილებების, ასევე უწყებების მხრიდან გატარებული გარკვეული ზომების დადებით ეფექტზე", - აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა.

მისივე თქმით, არსებობს საკითხები, რომელიც სამართალდამცავ სექტორში პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას მოითხოვს.
"ასეთ საკითხებს განეკუთვნება ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში არსებული მონაცემების დაცულობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ მონაცემთა შენახვის ვადა, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მონაცემთა დამუშავება და მხოლოდ კანონიერი საფუძვლით და პროპორციულობის პრინციპის დაცვით მონაცემთა მოპოვება და გამჟღავნება და კიდევ ერთი თემა - მოქალაქეთა ინფორმირების ვალდებულების ჯეროვანი შესრულება", - განაცხადა თამარ ქალდანმა.

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის საკითხებზე საუბრისას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა განაცხადა, რომ წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებების რაოდენობა, ასევე გაზრდილია სასამართლოს მხრიდან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის, ვადის გაგრძელებისა და მოქმედებების ჩატარების თაობაზე შესაბამისი პირისთვის შეტყობინების გადავადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების რაოდენობაც.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურისა და გამოძიების მხრიდან არსებული ერთგვაროვანი მიდგომები.

ანგარიშის თანახმად, კერძო სექტორში მონაცემთა დამუშავების კუთხით ინსპექტორის აპარატმა 355 პროცესი შეისწავლა, რის შედეგადაც გამოვლინდა 196 სამართალდარღვევის ფაქტი, ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრება მოხდა 61 შემთხვევაში, ხოლო გაფრთხილება მიეცა 54 ორგანიზაციას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებით, საფინანსო სექტორში გამოვლინდა სასესხო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტები, ჯანდაცვის სფეროში და შრომით ურთიერთობებში პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული სხვა ნაკლოვანებები, ხოლო ვიდეოთვალთვალის შესახებ შესული განცხადებების რაოდენობამ წინა წელთან შედარებით იმატა.

თამარ ქალდანმა ისაუბრა ინსპექტორის აპარატის მიერ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე, რეკომენდაციებზე, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობაზე, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში საქმიანობაზე და სხვა საკითხებზე.
ანგარიში წარდგენის შემდეგ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა კომიტეტების წევრების შეკითხვებს უპასუხა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მადლობა გადაუხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს წარმოდგენილი ანგარიშისთვის და აღნიშნა, რომ დოკუმენტში მოყვანილი მონაცემი ცხადყოფს სახელმწიფოსთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრიორიტეტულობას.

"ნამდვილად შთამბეჭდავია და გილოცავთ წარმატებულ საქმიანობას 2018 წლის განმავლობაში თქვენ და თქვენს სამსახურს. რა თქმა უნდა, არის გამოწვევები თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ და ძალიან ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ფაქტია, რომ საგრძნობლად გაზრდილია თქვენი სამსახურის მიმართ ნდობა და მომართვიანობა როგორც საჯარო დაწესებულებების, ასევე კერძო დაწესებულებების მხრიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება პერსონალურ მონაცემთა დაცვა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, კომიტეტმა შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც გადაეგზავნება წამყვან კომიტეტს - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს.


იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მოიწონა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2018 წლის ანგარიში.
ბეჭდვა