თბილისის საქალაქო სასამართლომ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ოთხი წევრი პარტიისთვის უკანონო შემოწირულობის
განხორციელების გამო დააჯარიმა.
როგორც „ნიუსპრესს“ „მრეწველების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა, სასამართლომ თანხის წარმომავლობის შესახებ მტკიცებულებები არ გაითვალისწინა და პარტიის წევრები შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა.
„სასამართლოზე დაცვის მხარემ ფინანსთა სამინისტროდან დაჯარიმებული პირების შემოსავლების შესახებ ოფიციალური ამონაწერი წარმოადგინა, თუმცა, როგორც ხდება მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ჩვენი პარტიის წევრები შემოწირული თანხის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა. გაგუგებარია რატომ არ შეუძლია პარტიის წევრს შემოწირულობის გაკეთება, როდესაც მისი შემოსავალი ანგარიშზე შეტანილ თანხას 19-ჯერ აღემატება“ - აღნიშნა ტყემალაძემ.
მისივე თქმით, ვახტანგ ლომაძემ პარტიას 1000 ლარი შეწირა და ის დღეს სასამართლო პროცესზე 5000 ლარით დააჯარიმეს. „მრეწველების“ სხვა წევრები ოთარ მენაბდე 10 ათასი ლარით, ნანა ახუაშვილი 5 000 ლარით, ხოლო ნიკოლოზ რამიშვილი 4500 ლარით დაჯარიმდნენ.
