სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს დალი ხომერიკს მოქალაქე ირაკლი გადელიას საცხოვრებელი პირობების შესწავლას სთხოვს.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, გიორგი ტუღუშმა მინისტრს ირაკლი გადელიას შვილის მიხეილ გადელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და მისი ოჯახისთვის ადეკვატური საცხოვრებელი პირობების შექმნის რეკომენდაციით მიმართა.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, გადელიას განცხადების თანახმად, ის ოჯახთან ერთად ზუგდიდში, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობს.
„განმცხადებლის განმარტებით, მისი საცხოვრებელი პირობები უკიდურესად მძიმეა. სახლის სახურავი და კედლები დაზიანებულია, რაც მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ამასთან, გადელიას შვილს მიხეილ გადელიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს“ - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში და დასძენენ, რომ გადელიამ იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რამდენჯერმე მიმართა, თუმცა, უშედეგოდ.
სახალხო დამცველი ირაკლი გადელიას ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ან მისი საცხოვრებლის რეაბილიტაციას მოითხოვს.
