მალხაზ კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს
მალხაზ კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს
09:24 26.03.2019
ხადის ხეობაში მოკლული სმითების ოჯახის საქმეზე 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ბრალდებულ მალხაზ კობაურთან დაკავშირებით ვერდიქტი გამოიტანა და ის დამნაშავედ ცნეს.

პროკურატურის ინფორმაციით, მალხაზ კობაურს ბრალად სამი პირის განზრახ მკვლელობა ედება, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს დაცვის მხარე. მალხაზ კობაურის ადვოკატის განმარტებით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ იყო და ბრალდების მხარე ვერსიებზე და ვარაუდებზე აპელირებდა. უფლებადამცველის მტკიცებით, საქმეში პროცესუალური დარღვევები იყო. თავის მხრივ ნაფიც მსაჯულებზე ზეწოლის შესახებ საუბრობენ კობაურის ოჯახის წევრები.

საქმის განხილვის ნაფიც მსაჯულებისთვის გადაცემა თავად ბრალდებულის ადვოკატებმა მოითხოვეს.

სასჯელის განსაზღვრის სხდომა გორის სასამართლოში 27 მარტს ჩაინიშნა.

2018 წლის 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.
ბეჭდვა