საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ორი ფაქტი გამოავლინა
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ორი ფაქტი გამოავლინა
13:35 23.03.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ორი ფაქტი გამოავლინეს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულ პირებს შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით ქალაქ თბილისში, ხალხმრავალ ადგილებში - ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე, განთავსებული ჰქონდათ აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია კანონდარღვევით მოქმედი 5 ერთეული სათამაშო აპარატი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბეჭდვა