საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო, რამდენიმე პირი დააკავეს
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო, რამდენიმე პირი დააკავეს
14:58 06.08.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის განწესმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავა პიროვნება, რომელსაც თან პირადობის  დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონდა.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დაკავება აჭარაში N2-ე სასაზღვრო სექტორის - კირნათის დასაცავ მონაკვეთზე მოხდა.
დაკავებულის განმარტებით, ის საქართველოს მოქალაქე ლაშა კორსანტიაა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება. სასაზღვრო პოლიციის ახალციხის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებმა კი, ადიგენის რაიონში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე თოფჩუ ავშარი დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულმა სასაზღვრო–საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით საქართველო–თურქეთის სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 344–ე მუხლის I ნაწილითაა დაწყებული.
საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე კი, სომხეთის მოქალაქე იურიკ ჯემალის ძე ხუდოიანია დაკავებული, რომელიც, ასევე, სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. მიმდინარეობს გამოძიება.

ბეჭდვა