ოკუპირებულ გალში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი
ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. ცხედარი ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე გადასცეს. გადმოსვენების პროცესში ჩართული იყო წითელი ჯვარი. შესაბამისი პროცედურის შემდეგ ცხედარს ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.
ცხედრის გადმოცემის პროცესს ესწრებოდნენ როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები.
გალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.
დაღუპულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობის წევრებმა.
