EMC საჩივრით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას ითხოვს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, EMC -იმ არაერთხელ მიმართა თბილისის პროკურატურას და ითხოვა მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა. კანონით გათვალისწინებული ვადების გასვლის მიუხედავად, პროკურატურამ ბოლო განცხადებები უპასუხოდ დატოვა.
„EMC მიიჩნევს, რომ პროკურატურისგან პასუხის მიღების ყველა გონივრული გზა ამოწურულია, რის გამოც მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვს, დაევალოს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა. სასამართლოში წარდგენილ საჩივარში EMC უთითებს, რომ ბოლო პერიოდში EMC -ის მიერ წარდგენილ განცხადებებზე პროკურატურის მხრიდან პასუხის გაუცემლობა უკანონოა, უფლების ბოროტად გამოყენების პრაქტიკას წარმოადგენს და დაზარალებულს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზებაში ხელს უშლის;
პროკურატურის თავდაპირველი მითითებები მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე უარის თქმის შესახებ ეწინააღმდეგება კანონს, რამდენადაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პირის დაზარალებულად/დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობისთვის არ მოითხოვს კონკრეტული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ამოწურვას;
საქმის გამოძიების ამ ეტაპზე, უკვე ჩატარებულია ყველა რელევანტური საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება და ცნობილია მათი შედეგი.
შესაბამისად, გაუგებარია, რა მოქმედებების ჩატარებას და შედეგების დადგომას უკავშირებს პროკურატურა მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას.
EMC მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს შეისწავლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები დეტალურად, აღადგინოს მალხაზ მაჩალიკაშვილის დარღვეული უფლება", - ნათქვამია განცხადებაში.
