მოქალაქე ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი აგლაძეს სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა, ჯამში - 30 წელი, 7 თვე და 6 დღე მიუსაჯა.
როგორც „ნიუსპრესს“ ირაკლი აგლაძის ადვოკატმა მალხაზ ჯანგირაშვილმა განუცხადა, აგლაძეს 109-ე მუხლით - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში 15 წელი მიესაჯა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - იარაღის უკანონო შეძენა, შენახვისთვის - 1 წელი და 6 თვე, ამავე მუხლის მეორე ნაწილით - იარაღის უკანონო ტარებისთვის 3 წელი და 6 თვე.
ადვოკატის განმარტებით, გარდა ამისა, აღნიშნულ სასჯელს უკვე მისჯილი პირობითი სასჯელი დაემატა და საერთო ჯამში 30 წელი, 7 თვე და 6 დღე შეადგინა.
ჯანგირაშვილი სასამართლოს ტენდენციურობაში ადანაშაულებს. როგორც მან აღნიშნა, განაჩენი ცალსახად უკანონოა, რადგან ირაკლი აგლაძის მიმართ არანაირი უტყუარი და კანონით მოპოვებული მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დანაშაულში მის მონაწილეობას დაადასტურებს.
ადვოკატის განმარტებით, საქალაქო სასამართოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გასაჩივრდება.
„უნდა ჩამოვყალიბდეთ, როდის გავასაჩივრებთ. რადგან აგლაძე ამ პროცესში არ მონაწილეობდა და დაუსწრებლად შეეფარდა სასჯელი, ასეთ შემთხვევაში, განსაკუთრებული რეჟიმი მოქმედებს. არსებობს მექანიზმები, რომლის მეშვეობით გასაჩივრება ამ ეტაპზეც შეიძლება და მექანიზმები, რომლის თანახმადაც აგლაძეს გასაჩივრების ვადა გამოცხადების ან დაკავების შემდეგ აეთვლება. ამ ყველაფერზე ჩამოვყალიბდებით, გავეცნობით ოქმს და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მივიღებთ“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ჯანგირაშვილმა.
ზურაბ ტარყაშვილი 2011 წლის 17 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მოკლეს. მას თავდამსხმელებმა 11 ტყვია ესროლეს, მათ შორის ერთი საკონტროლო.
2010 წლის მარტში, გრიბოედოვის ქუჩაზე 21 წლის სანდრო გოგბერაშვილი მოკლეს. ზურაბ ტარყაშვილი სწორედ ამ დანაშაულში მონაწილეობისთვის, ხულიგნობის ბრალდებით სასჯელს იხდიდა და საპატიმრო მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე დატოვა. ერთ-ერთი ვერსიით, ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობა სანდრო გოგბერაშვილის მამამ შურისძიების მოტივით დაგეგმა.
ტარყაშვილის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული, 1992 წელს დაბადებული დათო რუსიშვილი დააკავეს.
გამოძიების მტკიცებით, ნარკოტიკული დანაშულისთვის პირობით მსჯავრდებული, 53 წლის ივერი გოგბერაშვილი, ამავე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პრობაციონერს - 19 წლის დათო რუსიშვილს და 23 წლის ირაკლი აგლაძეს დაუკავშირდა, რომელთაც ზურა ტარყაშვილის მკვლელობა დაგეგმეს და განახორციელეს.
სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის და იარაღის უკანონო ტარებისთვის დავით რუსიშვილს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ირაკლი აგლაძე კი, ამ დრომდე მიმალვაშია.
