სოფელ ორულუში მომხდარ ინცინდენტზე გამოძიება დაიწყო
სოფელ ორულუში მომხდარ ინცინდენტზე გამოძიება დაიწყო
15:19 03.08.2012
საქართველოს პროკურატურამ სოფელ ორულუში მომხდარ ინცინდენტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ინცინდენტი მოქალაქე ემზარ ცაავას სახლში მოხდა, რომლის დროსაც ცაავასა და მის ბიძაშვილ ირაკლი ცაავას შორის შელაპარაკებასა და კონფლიქტს ჰქონდა ადგილი.

ემზარ ცაავას ოჯახის წევრებისა და მეზობლების განცხადებით, ინცინდენტს გარკვეული ნივთების დაზიანება მოჰყვა.

„აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება, რომლის მიზანია დაადგინოს იყო თუ არა მომხდარ კონფლიქტში დანაშაულის ნიშნები“ - აღნიშნულია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ორულუში ინცინდენტი 2 აგვისტოს 17:00 საათზე მოხდა.

ემზარ ცაავა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის კოორდინატორია. გავრცელებული ინფორმაციით, მას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ირაკლი ცაავა სახლში შეეჭრა და იარაღის მუქარით „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის შეწყვეტა მოსთხოვა. ისინი ერთმენთის ახლო ნათესავები არიან.


ბეჭდვა