მოქალაქე ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ირაკლი აგლაძის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება.
აგლაძეს ბრალი ზურაბ ტარყაშვილის განზრახ მკვლელობაში ედება.
მკვლელობა რუსთაველის გამზირზე 2011 წლის 17 ოქტომბერს მოხდა. 23 წლის ზურაბ ტარყაშვილს თავდამსხმელებმა 11 ტყვია ესროლეს, მათ შორის ერთი საკონტროლო.
2010 წლის მარტში, გრიბოედოვის ქუჩაზე 21 წლის სანდრო გოგბერაშვილი მოკლეს. ზურაბ ტარყაშვილი სწორედ ამ დანაშაულში მონაწილეობისთვის, ხულიგნობის ბრალდებით სასჯელს იხდიდა და საპატიმრო მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე დატოვა. ერთ-ერთი ვერსიით, ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობა სანდრო გოგბერაშვილის მამამ შურისძიების მოტივით დაგეგმა.
ტარყაშვილის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული, 1992 წელს დაბადებული დათო რუსიშვილი დააკავეს.
გამოძიების მტკიცებით, ნარკოტიკული დანაშულისთვის პირობით მსჯავრდებული, 53 წლის ივერი გოგბერაშვილი, ამავე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პრობაციონერს - 19 წლის დათო რუსიშვილს და 23 წლის ირაკლი აგლაძეს დაუკავშირდა, რომელთაც ზურა ტარყაშვილის მკვლელობა დაგეგმეს და განახორციელეს.
სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის და იარაღის უკანონო ტარებისთვის დავით რუსიშვილს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
