„ქართუ ჯგუფსა“ და სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორს“ შორის დავა მიმდინარეობს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართუ ჯგუფის“ იურისტმა ალა კახნიაურმა განაცხადა, 13 ივლისს „ქართუ ჯგუფის“ იძულებითმა მმართველმა ვლადიმერ უგულავამ ხელშეკრულება გააფორმა „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“ „ქართუ ჯგუფის“ ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების შესახებ.
იურისტის თქმით, „ქართუ ჯგუფი“ წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას და კანონის თანახმად, მას ევალება აქციონერთა რეესტრის წარმოება, ამის განხორციელება კი, შეუძლია როგორც საკუთარი ძალებით, ისე ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით.
კახნიაურის თქმით, „ქართუ ჯგუფი“ დაარსების დღიდან თავად აწარმოებდა აღნიშნულ რეესტრს. მას შემდეგ კი, რაც იძულებითი მმართველობა გაუქმდა, „ქართუ ჯგუფმა“ გადაწყვეტილება მიიღო „საქართველოს გაერთიანებული ქაღალდების რეგისტრატორთან“ ხელშეკრულება ცალმხრივად შეეწყვიტა და რეესტრი დაებრუნებინა, რის შესახებაც რეგისტრატორს წერილობით აცნობა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე „ფასიანი ქაღალდების რეესტრის“ გადაცემა მოითხოვა.
იურისტის განმარტებით,მიუხედავად იმისა, რომ „ქართუ ჯგუფის“ მიერ გადახდილია პირგასამტეხლო, „საქართველოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი“ უარს აცხადებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
„მისი აღნიშნული ქმედებიდან გამომდინარე საზოგადოებასა და ფასიანი ქაღალდების მფლობელებს შეუძლიათ თავად გააკეთონ დასკვნა, თუ რამდენად დამოუკიდებელია „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“ და ღირს თუ არა მასთან პარტნიორული ურთიერთობა“-განაცხადა ალა კახნიაურმა.
