არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ წარმომადგენლები „ქრისტიან-დემოკრატიული
მოძრაობის“ წევრების მიერ გამართული საარჩევნო ღონისძიების ფაქტების გამოძიებას მოითხოვენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, 31 ივლისს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ გურჯაანში ერთ-ერთ საარჩევნო ღონისძიებაზე ამომრჩევლებს სუფრით გაუმასპინძლდა.
ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ქმედება შესაძლოა, ამომრჩევლის მოსყიდვად შეფასდეს.
„პარტიის ლიდერები ღონისძიების დაფინანსებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ სუფრა - ღვინო, ხორცი, კიტრი, პომიდორი, პური - ამომრჩევლების თანხით გაიშალა და პარტიამ მხოლოდ ორგანიზება გაუწია, თუმცა, იქ მყოფი ბევრი მოქალაქე ამბობს, რომ თავად არაფერი გადაუხდია და პარტიამ დაპატიჟა“ - აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მათი თქმით, ვიდეომასალიდან ჩანს, რომ აღნიშნული ღონისძიება დამსწრეთა მხრიდან აღიქმება, როგორც „ქრისტიან-დემოკრატების“ მიერ გამასპინძლება.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, პარტიას კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა ეკრძალება“ - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ შესაძლებელია, სახეზე სისხლის სამართლის დანაშაული იყოს.
მათივე თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქმედების განმახორციელებელი პირი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული პოლიტიკური გაერთიანებაა, რის გამოც, საარჩევნო მიზნის არსებობა ეჭვგარეშეა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საქართველოს პროკურატურას აღნიშნული ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
