მოქალაქე ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი აგლაძის სასამართლო პროცესი 3 აგვისტოს განახლდება.
საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა გაიმართა. როგორც „ნიუსპრესს“ აგლაძის ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა განუცხადა, ბრალდების მხარემ დღეს მტკიცებულებათა წარდგენა დაასრულა და საბრალდებო სიტყვაც წარმოთქვა.
ადვოკატის თქმით, დაცვის მხარის მიერ დღეს დაყენებული შუამდგომლობები მოსამართლემ არ განიხილა.
„ჩვენ წარვადგინეთ რუსიშვილის სასამართლოს სხდომის ოქმი, რომლის მიღებაზე უარი გვითხრეს, ასევე, დავაყენეთ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა. მოსამართლემ არ განიხილა ჩვენი შუამდგომლობები. ფაქტობრივად, მან მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარი განაცხადა“- განუცხადა „ნიუსპრესს“ კორკოტაშვილმა.
მისივე ცნობით, დაცვის მხარეს სიტყვის წარმოთქმის შესაძლებლობა 3 აგვისტოს პროცესზე მიეცემა. ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე გეგმავს სასამართლოს მთლიანი ანალიზი წარუდგინოს, თუ როგორ ხდება საქმის მასალების ფალსიფიცირება და კონკრეტულ მტკიცებულებებზეც მიუთითებს.
სასამართლო პროცესი 3 აგვისტოს 15:00 საათზე გაიმართება.
ირაკლი აგლაძეს ბრალი ზურაბ ტარყაშვილის განზრახ მკვლელობაში ედება.
მკვლელობა რუსთაველის გამზირზე 2011 წლის 17 ოქტომბერს მოხდა. 23 წლის ზურაბ ტარყაშვილს თავდამსხმელებმა 11 ტყვია ესროლეს, მათ შორის ერთი საკონტროლო.
2010 წლის მარტში, გრიბოედოვის ქუჩაზე, "არტ კაფეში" 21 წლის სანდრო გოგბერაშვილი მოკლეს. ზურაბ ტარყაშვილი სწორედ ამ დანაშაულში მონაწილეობისთვის, ხულიგნობის ბრალდებით სასჯელს იხდიდა და საპატიმრო მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე დატოვა. ერთ-ერთი ვერსიით, ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობა სანდრო გოგბერაშვილის მამამ შურისძიების მოტივით დაგეგმა.
ტარყაშვილის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული, 1992 წელს დაბადებული დათო რუსიშვილი დააკავეს.
გამოძიების მტკიცებით, ნარკოტიკული დანაშულისთვის პირობით მსჯავრდებული, 53 წლის ივერი გოგბერაშვილი, ამავე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პრობაციონერს - 19 წლის დათო რუსიშვილს და 23 წლის ირაკლი აგლაძეს დაუკავშირდა, მათ ზურა ტარყაშვილის მკვლელობა დაგეგმეს და განახორციელეს.
სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის და იარაღის უკანონო ტარებისთვის დავით რუსიშვილს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
