„საქმე ეხება პარლამენტის წევრს. აქედან გამომდინარე, პირადად მე ჩავყვები ამ საქმეს ბოლომდე იმისათვის,
რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ზედმიწევნით გამოიკვლიონ ყველაფერი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის გავრცელების ფაქტის კომენტირებისას.
პარლამენტის თავმჯდომარემ სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს მომხდარი ფაქტი საფუძვლიანად გამოიძიებისკენ მოუწოდა.
„პირადი ჩანაწერების ამსახველი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება, რა თქმა უნდა, ამორალურია. მე მქონდა პირადი კომუნიკაცია სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან. მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად ჩაყვნენ ამ საქმეს და გამოიკვლიონ, თუ რეალურად რასთან გვაქვს შეხება. უნდა გაირკვეს არიან თუ არა სხვა მოწმეები ამ ყველაფრის. უნდა ჩაეძიონ და აუცილებლად უნდა დადგინდესზედმიწევნით ზუსტად ის, თუ რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, თუ ფეისბუქით ხდებოდა ამ ინფორმაციის გავრცელება ან სატელეფონო საშუალებით, მითუმეტეს ამის გამოძიება ძალიან მარტივი უნდა იყოს.
„შესაბამისად, ეს იქნება ჩვენი თხოვნაც და მოთხოვნაც სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, ბოლომდე ჩაყვნენ ამ საქმეს და გამოიძიონ ვინ ავრცელებდა ასეთ რამეს თუ ავრცელებდა.
ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ ჩემს პირად როლზე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეზე. ჩემი პირადი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებული, მდგომარეობს იმაში, რომ პარლამენტის წევრს თუ ეხება საქმე, იქ განსაკუთრებულად უნდა დავინტერესდე, თუმცა, რა თქმა უნდა, როცა საქმე ეხება ასეთ ამორალურ აქტს, იქ ნებისმიერ შემთხვევაში გამოძიება მაქსიმალურად ეფექტიანი უნდა იყოს. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს გუნდს და ვმოქმედებთ გუნდის ინტერესებისშესაბამისად“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
