პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, ადვოკატ არჩილ კბილაშვილის შეფასებით, კოალიციის წევრის კახი კალაძის ანგარიშებზე ყადაღის მოხსნის მოსათხოვად სამართლებრივი შესაძლებლობები არ არსებობს.
როგორც კბილაშვილმა განმარტა, ამ საკითხთან მიმართებაში უახლოეს მომავალში ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
„პარლამენტის მიერ საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ მივიღეთ პარადოქსი, როდესაც პირს რომლის ანგარიშიც დაყადაღდა, არ ეძლევა უფლება საჩივრის ავტორი იყოს. ეს არის მაგალითი კანონის უკანონობის“ - აღნიშნა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებებით, უფლებაშელახულ პირს თავისი უფლების დაცვა უკვე „კანონიერად“ აქვს აკრძალული.
„ამ ეტაპზე მდგომარეობა ასეთია - კალაძის ანგარიშები კვლავ დაყადაღებულია და ჩვენი მხრიდან მისი მოხსნის მოთხოვნის სამართლებრივი შესაძლებლობა არ არსებობს“ - დასძინა ადვოკატმა.
კახი კალაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით საჩივარი სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა.
ადვოკატ შალვა თადუმაძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის თანამშრომლისგან წერილი მიიღეს, სადაც კანცელარიის განყოფილების სამართლის საქმეთა სექტორის უფროსი ნიკოლოზ მარგველაშვილი უარს ეუბნება დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივრის განხილვაზე.
ოფიციალურ წერილში საქალაქო სასამართლო აღნიშნავს, რომ კახი კალაძე ამ საქმეში არ არის ბრალდებული და არ წარმოადგენს მხარეს, რის გამოც მისი შუამდგომლობა ვერ დაკმაყოფილდება.
კალაძის პირადი საბანკო ანგარიშები საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 25 ივლისს დააყადაღა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, კახა კალაძის საბანკო ანგარიშიდან 1 600 000 ლარამდე თანხის, ნაღდი ფულის სახით გატანა ეტაპობრივად განხორციელდა, რომლის შემდგომი მოძრაობა არც ერთ საბანკო დაწესებულებაში არ ფიქსირდება.
პროკურატურის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით, გამოძიება ვალდებულია გამოიკვლიოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნაღდი ფულის საეჭვო ოპერაციები და გამოძიების დასრულებამდე უზრუნველყოს საბანკო ანგარიშების დაყადაღება.
