საქართველოს უშიშროების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ექს-პარლამენტარ ლაშა ნაცვლიშვილს საკუთარი საბანკო ანგარიშების დაყადაღების მიზეზის შესახებ ინფორმაცია
კვლავ არ აქვს, ვინაიდან, სასამართლო უარს აცხადებს მისთვის იმ განჩინების ასლის გადაცემაზე, რომლის საფუძველზეც ანგარიშები დააყადაღეს.
ამის შესახებ ნაცვლიშვილმა დღეს „ნიუსპრესს“ განუცხადა.
მისი თქმით, ყადაღა მის პირად ანგარიშებს „საქართველოს ბანკში“, ბანკ „რესპუბლიკასა“ და „ქართუ ბანკში“ ადევს.
როგორც ნაცვლიშვილმა განმარტა, დადგენილი ნორმების შესაბამისად, მან სააპელაციო სასამართლოში საჩივარი შეიტანა, თუმცა, სასამართლო პასუხს თითქმის სამი თვის განმავლობაში არ სცემდა, ბოლოს კი, მის ადვოკატს შალვა თადუმაძეს განუცხადეს, რომ ვინაიდან ნაცვლიშვილი მხარე არ იყო, განჩინების ასლი ვერ გადაეცემოდა.
„როგორც ჩანს, მართლმსაჯულება ჩემთან გაბუტულია და განჩინების ასლს არ მაძლევს. მხარე არ ხარო მეუბნებიან, შესაბამისად, ამ განჩინების გასაჩივრების საშუალებაც არ მაქვს “ - აღნიშნა მან.
ნაცვლიშვილის თქმით, პირად ანგარიშებზე ყადაღამ მას საქმიანი რეპუტაცია შეულახა, ასევე, დაირღვა მისი საკუთრების უფლება.
გარდა ამისა, მისი განცხადებით, დაყადაღებულია მისი ოჯახის წევრების ანგარიშებიც, მათ შორის, სიმამრის საპენსიო ანგარიში.
„ეს იმ პარანოიის ნაწილია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება - ყადაღსტანში დაყადაღების პროცესები მიდის“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
