თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშები დააყადაღა.
როგორც „ნიუსპრესს“ კვლევითი ინსტიტუტის თავმჯდომარემ
თეონა აქუბარდიამ განუცხადა, სასამართლომ ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ მიიღო, რაც ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ „პროგრეს ბანკს“ საკუთარი ანგარიშების მეშვეობით ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებით მიმართა.
მისი თქმით, აღნიშნულის საფუძველზე, ამონაწერის მოთხოვნის შემდეგ მიღებული პასუხიდან გაირკვა, რომ ინსტიტუტის ანგარიშები დაყადაღებულია.
„ბანკს არ აქვს უფლება გვითხრას, თუ რის საფუძველზე დაყადაღდა ანგარიშები. მხოლოდ ის ვიცი, რომ აღნიშნული ქმედება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა. 26 ივლისს საქალაქო სასამართლოს სამივე კოლეგიას, მთავარ პროკურატურას და შემოსავლების სამსახურს ახსნა-განმარტების თხოვნით მივმართე“ - განაცხადა აქუბარდიამ.
მისი თქმით, საქალაქო სასამართლოდან პასუხი დღეს მიიღო, რომლის შესახებაც ხვალ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.
აქუბარდიას თქმით, კვლევით ინსტიტუტს იურიდიულ დახმარებას ახალგაზდრა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები გაუწევენ.
მისივე განცხადებით, განვითარების კვლევითი ინსტიტუტი 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს დაფუძნდა. ინსტიტუტი სამეცნიერო საქმიანობას ეწევა. კერძოდ, მისი საქმიანობა ქვეყნის განვითარების კონსტრუქციების შემუშავებას მოიცავს. ანგარიშების დაყადაღების გამო კი, აქუბარდიას ინფორმაციით, ცენტრის მუშაობა შეფერხებულია.
„თანამშრომლების მიმართ ფინანსური ვალდებულებები მაქვს შეუსრულებელი, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილებით, რომლის მიზეზიც უცნობია, რეალურად, ორგანიზაციის დაჯარიმება მოხდა“ - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
მისივე თქმით, კვლევითი ინსტიტუტის შემდგომი ნაბიჯების შესახებ ხვალინდელ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.
