„ქართუ ბანკი“ ვლადიმერ უგულავას კანონსაწინააღმდეგო გარიგებების დადებაში ადანაშულებს
„ქართუ ბანკი“ ვლადიმერ უგულავას კანონსაწინააღმდეგო გარიგებების დადებაში ადანაშულებს
15:05 31.07.2012
„ქართუ ბანკი“ „ქართუ ჯგუფის“ დროებით მმართველს ვლადიმერ უგულავს კანონსაწინააღმდეგო გარიგებების დადებაში ადანაშულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ქართუ ბანკი“ ვლადიმერ უგულავას წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადებას შეიტანს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართუ ბანკის“ იურისტმა მზია თოდუამ განუცხადა, უგულავამ გარიგებები ბანკის ინტერესების საზიანოდ დადო, რაც კანონდარღვევად მიიჩნევა.
„უგულავას მმართველობის დროს კანონსაწინააღმდეგო გარიგებები ბანკის ინტერესების საწინააღმდეგოდ დაიდო, რადგან მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ბანკისთვის წამგებიანი იყო. ბანკი არის კომერციული ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია მოგებაზე. შესაბამისად, ხელშეკრულებებიც ამ მიმართულებით უნდა დაიდოს“- განუცხადა „ნიუსპრესს“ თოდუამ.
მისივე განმარტებით, ბანკში სესხების გასაცემად საკმარისი თანხაც რომ ყოფილიყო, უგულავას ქმედება ბანკის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
იურისტის თქმით, განცხადების შეტანის შემდეგ, პროკურატურამ უნდა შეისწავლოს, იყო თუ არა დროებითი სამეთვაყურეო საბჭოს მოქმედება კანონთან შესაბამისობაში და მას სამართლებრივი შეფასება მისცეს.
„ბანკში საკმარისი სახსრებიც რომ ყოფილიყო სესხების გასაცემად, ეს გარიგებები მაინც არ არის დადებული ბანკის ინტერესების გათვალისწინებით. ამ ეტაპზე წყდება საკითხი, თუ როდის შევიტანთ განცხადებას ვლადიმერ უგულავას წინააღმდეგ პროკურატურაში“-აღნიშნა თოდუამ.
რაც შეეხება უგულავას მიერ დადებული სასეხო ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლოში შეტანილ სარჩელს, იურისტის თქმით, საქალაქო სასამართლოს 5 დღიანი ვადა აქვს საქმის წარმოებაში მიღებაზე გადაწყვეტილებისთვის.
„ქართუ ბანკმა“ დროებითი მმართველის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სასამართლოში გუშინ გაასაჩივრა. როგორც ბანკში აცხადებენ, ვლადიმერ უგულავამ 4 დეველოპერულ კომპანიასთან 50 მლნ დოლარის საკრედიტო ხელშეკრულება გააფორმა და სესხის გაცემის ვალდებულება აიღო.
„ქართუ ბანკში“ აცხადებენ, რომ სესხის გაცემაზე ხელშეკრულებები პროცედურული ნორმების დარღვევით გაფორმდა.

ბეჭდვა