საია „მაესტროს“ კუთვნილი ქონების დაყადაღებას უკანონო გადაწყვეტილებას უწოდებს
საია „მაესტროს“ კუთვნილი ქონების დაყადაღებას უკანონო გადაწყვეტილებას უწოდებს
13:09 31.07.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ტელეკომპანია „მაესტროს“ ანტენების დაყადაღების  გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს.

ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ის გარემოებები დაასახელეს, რის გამოც „მაესტროს“ ანტენების დაყადაღების ფაქტი უკანონოდ მიიჩნიეს.

საიაში აცხადებენ, რომ „მაესტროს“ ქონების დაყადაღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია, ხოლო განჩინებაში მოყვანილია მწირი თეორიული მსჯელობა „მაესტროს“ მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო ფაქტზე.

საიას განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელსაც სასამართლო ეყრდნობა, ბუნდოვანია. ასევე, „მაესტროს“ არ მიეცა დაცვის უფლების სრულყოფილად განხორციელების საშუალება, რადგან „მაესტრო“ არ არის სისხლის სამართლის საქმის მონაწილე მხარე, არ აქვს უფლება მიიღოს ან გაეცნოს საქმის მასალებს. შესაბამისად, მისთვის უცნობია რა მასალები დაედო საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის კოორდინატორის ნათია კაპანაძის თქმით, სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე ქონების დაყადაღება „მაესტროს“ საკუთრების უფლებაში არალეგიტიმური ჩარევაა.
ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ქონებას ყადაღა ედება გამოძიების შეწყვეტამდე, ხოლო გამოძიება 1641- ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით შესაძლოა, 6 წლამდე გაგრძელდეს. საიას განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ „მაესტროს“ კუთვნილი ქონება 6 წლით შეიძლება დაყადაღდეს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 20 ივნისს ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებაში არ არიან იდენტიფიცრებული ბრალდებული პირები, თუმცა, ამ გამოძიების ფარგლებში უკვე ყადაღა დაედო ტელეკომპანია „მაესტროს“ ანტენებს და სტუდია „მაესტროს“ ქონებას. აღსანიშნავია, რომ „მაესტროს“, ისევე როგორც “გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში სამართლებრივი სტატუსი არ გააჩნია და მათ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა არ აქვთ“ - განაცხადა ნათია კაპანაძემ.

საიას ქართულ მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ „მაესტროს“ ანტენების დაყადღებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, უხეშად ილახება გამოხატვის თავისუფლება და აღნიშნული ფაქტი უარყოფით გავლენას ახდენს მედიისა და წინასაარჩევნო გარემოს მდგომარეობაზე.

აღნიშნულ დასკვნას, საია-ს ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზვანის.

პროკურატურამ ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური ანტენები პირველად 11 ივლისს დააყადაღა.

ბეჭდვა