პროკურატურამ ნოდარ ჩაჩუას საქმეზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ ნოდარ ჩაჩუას საქმეზე გამოძიება დაიწყო
19:13 30.07.2012
ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჟურნალისტის ნოდარ ჩაჩუას მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, გამოძიების დაწყებას საფუძვლად თავად ნოდარ ჩაჩუას განცხადება დაედო.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს.
ჟურნალისტის საქმეზე გამოძიების დაწყება დღეს საქართველოს მთავარ პროკურორს სახალხო დამცველმა მოუწოდა.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნოდარ ჩაჩუას სამი უცნობი პირი აშანტაჟებდა და ინფორმაციის მიწოდებას აიძულებდა, ხოლო ამის სანაცვლოდ, ფინანსურ ანაზღაურებას სთავაზობდა.
ჩაჩუას თქმით, უცნობი პირები მას სთხოვდნენ ინფორმაციას ტელევიზიაში არსებულ სიტუაციაზე. ასევე, აიძულებდნენ, სქესობრივი კავშირი დაემყარებინა „მეცხრე არხის“ თანამშრომელ მამაკაცთან. მისივე განმარტებით, აღნიშნულმა პირებმა მას თავი გააცნეს რაღაც „სამსახურის“ წარმომადგენლებად, რომლებიც „ადამიანებს უგვარებენ პრობლემებს, მაგრამ ამასთანავე, უქმნიან ძალიან დიდ პრობლემებს“.
აღნიშნული პირები ჟურნალისტს განმეორებით 2012 წლის 26 ივლისს შეხვდნენ, როდესაც კვლავ აგრძელებდნენ მსგავს რიტორიკას.

ბეჭდვა