შსს-მ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შსს-მ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
11:22 24.11.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1961 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.უ. დააკავეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, ღამით, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს - 1987 წელს დაბადებულ ი.ზ.-ს და 1980 წელს დაბადებულ ჰ.მ.-ს. ი.ზ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე დაჭრილი კი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს. პოლიციამ ლ.უ. შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბეჭდვა