თბილისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას კოალიცია „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატ კახი კალაძის საჩივართან დაკავშირებით, სავარაუდოდ ხვალისთვის გამოიტანს.
როგორც „ნიუსპრესს“ კალაძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განუცხადა, კანონის თანახმად გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ საჩივრის მიღებიდან 48 საათში უნდა გამოიტანოს და მხარეებს აცნობოს.
ადვოკატმა შალვა თადუმაძემ კალაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოში საჩივარი გუშინ დაახლოებით 15:00 საათისთვის შეიტანა. თადუმაძე ყადაღის მოხსნას მოითხოვს.
კალაძის პირადი საბანკო ანგარიშები საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 25 ივლისს დააყადაღა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კახა კალაძის საბანკო ანგარიშიდან 1 600 000 ლარამდე თანხის, ნაღდი ფულის სახით გატანა ეტაპობრივად განხორციელდა, რომლის შემდგომი მოძრაობა არც ერთ საბანკო დაწესებულებაში არ ფიქსირდება. პროკურატურის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით, გამოძიება ვალდებულია გამოიკვლიოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნაღდი ფულის საეჭვო ოპერაციები და გამოძიების დასრულებამდე უზრუნველყოს საბანკო ანგარიშების დაყადაღება.
