ზაზა სოფრომაძე არ გამორიცხავს, რომ მისი დაკითხვის პროცესები გაგრძელდეს
ზაზა სოფრომაძე არ გამორიცხავს, რომ მისი დაკითხვის პროცესები გაგრძელდეს
10:48 28.07.2012
„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი, პარტიის რეგიონალური სამსახურის   ხელმძღვანელი ზაზა სოფრომაძე არ გამორიცხავს, რომ სამართალდამცავებმა მისი დაკითხვის პროცესები გააგრძელონ.
როგორც სოფრომაძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, გუშინ, პროკურატურაში დაკითხვისას მან მრავალ კითხვას უპასუხა, თუმცა გამორიცხული არ არის, გაკვეულ საკითხებზე განმარტებების მიცემა კვლავ საჭირო გახდეს.
მისივე განცხადებით, სამართალდამცავები მას მოწმის სტატუსით კითხავდნენ, გამოძიების კითხვები კი სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის საქმიანობას უკავშირდებოდა, რომელსაც ის რამდენიმე წლის წინ ხელმძღვანელობდა.
დაკითხვა თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„ეს კითხები ჩემთვის იმდენად ნაცნობი იყო, იმდენჯერ მაქვს გავლილი სამართალდამცავ ორგანოებთანაც, კონტროლის პალატასთანაც და ფინანსურ პოლიციასთანაც, მათზე პასუხის გაცემა არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა“-განაცხდა სოფრომაძემ.
მისივე განცხადებით, ადვოკატის აყვანაზე უარი სწორედ ამ კითხევბის სიმარტივის გამო, საკუთარი სურვილით თქვა.
„არც ვიცოდი, გელა ნიკოლეიშვილი თუ იყო მოსული. ამიტომ მინდა, მას მადლობა გადავუხადო, რადგან ვფიქრობ, რომ მისმა გამოჩენამ რაღაც პროცესები გარკვეულწილად დააჩქარა“-აღნიშნა მან.
სოფრომაძე აცხადებს, რომ თავად დაკითხვის პროცესში სამართალდამცავები საკმაოდ კორექტულად ექცეოდნენ, ხოლო რაც შეეხება დაკითხვაზე წაყვანის ფორმას, - „ვერაფერი სასიამოვნოა, როდესაც გამთენიისას 10-მდე სამოქალაქო და პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ადამიანი ოჯახში შემოვა და სად მიყავხარ არ იცი“-განაცხადა სოფრომაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი და რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა სოფრომაძე გუშინ საკუთარი სახლიდან წაიყვანეს. მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სოფრომაძეს პროკურატურა მოწმის სტატუსით კითხავდა.

სხვადასხვა პერიოდში ზაზა სოფრომაძე მუშაობდა საქართველოს კურორტოლოგიის ინსტიტუტის წყალტუბოს ფუნქციური დიაგნოსტიკის კაბინეტის გამგედ, სანატორიუმ „თბილისის” მთავარი ექიმის მოადგილედ, სანატორიუმ „სამგურალის” მთავარ ექიმად.

2004 წლიდან ის სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, შემდეგ კი, ამავე ფონდის გენერალური დირექტორი იყო.

2008 წლიდან იგი სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფში” სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორად მუშაობდა.
სოფრომაძე 1995 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და სოციალური დაცვის და შრომითი ურთიერთობების ქვეკომიტეტს თავმჯდომარეობდა.

ბეჭდვა