პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრმა ზაზა სოფრომაძემ დაკითხვაზე ადვოკატის დაშვებაზე უარი განაცხადა.
როგორც „ნიუსპრესს“ სოფრომაძის ადვოკატმა
გელა ნიკოლაიშვილმა განუცხდა, სოფრომაძემ დღეს 16:00 საათისთვის მეუღლესთან კიდევ ერთხელ დარეკა და ადვოკატზე უარი განაცხადა.
ნიკოლაიშვილი ვარაუდობს, რომ მას ადვოკატის მომსახურებაზე უარი განზრახ ათქმევინეს.
„მას არ დაუზუსტებია რატომ ამბობს უარს და არც სხვა დეტალებზე უსაუბრია. როგორც ჩანს, მხოლოდ ამის თქმის საშუალება მისცეს“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ნიკოლაიშვილმა.
მისივე თქმით, სოფრომაძე ყველა შემთხვევაში დღეს უნდა გამოუშვან ან ბრალი წაუყენონ.
ადვოკატის ინფორმაციით, სოფრომაძე ამ დროისთვის მთავარ პროკურატურაში იმყოფება.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ინფორმაციით, ზაზა სოფრომაძე გამთენიისას საკუთარი სახლიდან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა წაიყვანეს. მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო.
პარტიის ინფორმაციით, დაკითხვა სოფრომაძის ყოფილ საქმიანობას უკავშირდება, თუმცა, კონკრეტულად რა საკითხს ეხება ჯერ უცნობია.
სხვადასხვა პერიოდში ზაზა სოფრომაძე მუშაობდა საქართველოს კურორტოლოგიის ინსტიტუტის წყალტუბოს ფუნქციური დიაგნოსტიკის კაბინეტის გამგედ, სანატორიუმ „თბილისის” მთავარი ექიმის მოადგილედ, სანატორიუმ „სამგურალის” მთავარ ექიმად.
2004 წლიდან ზაზა სოფრომაძე სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, შემდეგ კი, ამავე ფონდის გენერალური დირექტორი იყო. 2008 წლიდან იგი სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფში” სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორად მუშაობდა.
ზაზა სოფრომაძე 1995 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და სოციალური დაცვის და შრომითი ურთიერთობების ქვეკომიტეტს თავმჯდომარეობდა.
