შალვა თადუმაძე - კახა კალაძეს შეუძლია საკუთარი თანხა პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე დახარჯოს
შალვა თადუმაძე - კახა კალაძეს შეუძლია საკუთარი თანხა პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე დახარჯოს
15:18 27.07.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა კალაძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ კალაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით, დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საჩივარი შეიტანა.
როგორც „ნიუსპრესს“ შალვა თადუმაძემ განუცხადა, კალაძეს ლეგალური თანხა აქვს, შეუძლია ის სურვილისამებრ განკარგოს და ხარჯვის შესახებ გადაწყვეტილება პროკურატურას არ შეუთანხმოს.
„პროკურატურის დანიშნულება ის არის, რომ სახელმწიფო ბრალდებას დაუჭიროს მხარი და არა მოქალაქეების ჯიბეებში ხელი აფათუროს. კალაძეს ლეგალური თანხა აქვს, მას შეუძლია თავისი თანხა ანგარიშიდან გაიტანოს და ისე დახარჯოს, რომ პროკურატურას არ შეუთანხმოს“- განუცხადა „ნიუსპრესს“ თადუმაძემ და დასძინა, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება მოსამართლის განჩინებაზე უფრო დაუსაბუთებელია.
ადვოკატის განმარტებით, კალაძე მზად არის ნებისმიერ დროს მის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხოს.
კახა კალაძის პირადი საბანკო ანგარიშები საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 25 ივლისს დააყადაღა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კახა კალაძის საბანკო ანგარიშიდან 1 600 000 ლარამდე თანხის, ნაღდი ფულის სახით გატანა ეტაპობრივად განხორციელდა, რომლის შემდგომი მოძრაობა არც ერთ საბანკო დაწესებულებაში არ ფიქსირდება.
პროკურატურის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით, გამოძიება ვალდებულია გამოიკვლიოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნაღდი ფულის საეჭვო ოპერაციები და გამოძიების დასრულებამდე უზრუნველყოს საბანკო ანგარიშების დაყადაღება.

ბეჭდვა