ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კახა კალაძის საბანკო ანგარიშიდან 1 600 000 ლარამდე თანხის ნაღდი ფულის სახით გატანა ეტაპობრივად განხორციელდა,
რომლის შემდგომი მოძრაობა არც ერთ საბანკო დაწესებულებაში არ ფიქსირდება.
ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან შესული ინფორმაციის საფუძველზე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად, კახა კალაძის საბანკო ანგარიშებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით 6 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის თანხის ჩარიცხვა განხორციელდა.
„ამავე ანგარიშიდან დროის მოკლე მონაკვეთში განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციად მიჩნეული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაღდი ფულის გადინება. კერძოდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კალაძის საბანკო ანგარიშიდან ეტაპობრივად განხორციელდა 1 600 000 ლარამდე თანხის ნაღდი ფულის სახით გატანა, რომლის შემდგომი მოძრაობა არც ერთ საბანკო დაწესებულებაში არ ფიქსირდება“- ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ამასთანავე, არ არსებობს ზემოთ აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებული რაიმე სახის სამოქალაქო გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტი.
პროკურატურაში აღნიშნავენ იმასაც, რომ იმავე დროის მონაკვეთში, მისი ანგარიშებიდან დამატებით საბანკო ანგარიშგების (უნაღდო) წესით ხორციელდებოდა სხვადასხვა პირადი და საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურება საერთო ჯამში დაახლოებით 900 000 ლარის ოდენობით, რაც ადასტურებს რომ სამოქალაქო გარიგებებისას ან სხვა მიმდინარე ხარჯების დაფარვისას კახა კალაძე ანგარიშსწორებას ახორციელებს ჩვეულებრივად, საბანკო ანგარიშსწორების (უნაღდო ოპერაციების) მეშვეობით.
„შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით გამოძიება ვალდებულია გამოიკვლიოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნაღდი ფულის (1 600 000 ლარი) საეჭვო ოპერაციები და გამოძიების დასრულებამდე უზრუნველყოს საბანკო ანგარიშების დაყადაღება“-ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურამ კახა კალაძის პირადი ანგარიშები ყველა ქართულ ბანკში 25 ივლისს დააყადაღა.
