ადვოკატის ინფორმაციით, ყოფილ თანამშრომლებს ზაზა სოფრომაძის მამხილებელი ჩვენებების მიცემას სთხოვდნენ
ადვოკატის ინფორმაციით, ყოფილ თანამშრომლებს ზაზა სოფრომაძის მამხილებელი ჩვენებების მიცემას სთხოვდნენ
12:49 27.07.2012
პროკურატურაში დაკითხვაზე ზაზა სოფრომაძის ყოფილი თანამშრომლებიც დაიბარეს.  ამის შესახებ „ნიუსპრესს“„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრის ზაზა სოფრომაძის ადვოკატმა  გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სოფრმაძემ დილის 11:00 საათზე მხოლოდ მეუღლესთან დარეკა და თავად ადვოკატს მასთან საუბრის საშუალება არ ჰქონია, თუმცა, ცნობილია, რომ მასთან ერთად სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფიდან“ ყოფილი თანამშრომლებიც დაიბარეს.
„სოფრომაძემ დარეკა მხოლოდ მეუღლესთან და უთხრა, რომ დაკითხვაზე იმყოფებოდა. დანარჩენი ჩვენთვის არაფერია ცნობილი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მისი ყოფილი თანამშრომლები ჰყავდათ წუხელ დაბარებული და მოითხოვდნენ ზაზას მამხილებელი ჩვენების მიცემას. სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია, რადგან კანონის ნორმების უხეში დარღვევით მათ არც ოჯახს და არც დაცვის მხარეს არ შეატყობინეს მისი ადგილსამყოფელიც კი“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ნიკოლაიშვილმა.
მისივე თქმით, პროკურატურას კანონი ავალდებულებდა ადვოკატისა და ოჯახისთვის სოფრომაძის ადგილსამყოფელი შეეტყობინებინა.
როგორც ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ სოფრომაძეს ბრალს წაუყენებენ, ადვოკატის დაშვება აუცილებელი გახდება.
„ველოდებით რა მოხდება, აქამდე ის მოწმის სტატუსით იკითხებოდა და თუკი, ბრალდებულის სტატუსით იქნება დაკითხული, ალბათ, უკვე ადვოკატს დაუშვებენ. იმედი გვაქვს, რომ მოწმის სახით დაკითხვა ასევე დასრულდება, ბრალს არ წაუყენებენ და გაათავისუფლებენ, ასეთ შემთხვევაში ადვოკატის დაშვება აუცილებელი არ იქნება“- აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ინფორმაციით, ზაზა სოფრომაძე წუხელ საკუთარი სახლიდან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა წაიყვანეს. მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო და მას არ ეძლეოდა საშუალება ვინმესთვის შეეტყობინებინა სად იმყოფებოდა.
პარტიის ინფორმაციით, დაკითხვა სოფრომაძის ყოფილ საქმიანობას უკავშირდება, თუმცა, კონკრეტულად რა საკითხს ეხება ჯერ უცნობია.
სხვადასხვა პერიოდში ზაზა სოფრომაძე მუშაობდა საქართველოს კურორტოლოგიის ინსტიტუტის წყალტუბოს ფუნქციური დიაგნოსტიკის კაბინეტის გამგედ, სანატორიუმ „თბილისის” მთავარი ექიმის მოადგილედ, სანატორიუმ „სამგურალის” მთავარ ექიმად.
2004 წლიდან ზაზა სოფრომაძე სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, შემდეგ კი, ამავე ფონდის გენერალური დირექტორი იყო.
2008 წლიდან იგი სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფში” სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორად მუშაობდა.
ზაზა სოფრომაძე 1995 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და სოციალური დაცვის და შრომითი ურთიერთობების ქვეკომიტეტს თავმჯდომარეობდა.

ბეჭდვა