ბურჯანაძე - ზაზა სოფრომაძის საკითხი ადასტურებს, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ბურჯანაძე - ზაზა სოფრომაძის საკითხი ადასტურებს, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს
11:59 27.07.2012
პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი ზაზა სოფრომაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში  მოწმის სტატუსით იკითხება. ამის შესახებ დღეს პარტიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სოფრომაძეს მეუღლესთან დარეკვის უფლება დაკავებიდან მხოლოდ რამდენიმე საათში მისცეს.

ბურჯანაძის ინფორმაციით, დაკითხვა, სავარაუდოდ, სოფრომაძის ძველ საქმიანობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

„გვქონდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ივლისის ბოლოდან და აგვისტოს დასაწყისიდან ტერორს გააძლიერებდა ნამდვილი ოპოზიციური პოლიტიკიური პარტიების ლიდერებისა და წევრების მიმართ. ზაზა სოფრომაძე საკუთარ სახლში 10-მდე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა დილის 4:00 საათზე აიყვანა და ამ დროიდან მას საშუალება არ ეძლეოდა დაერეკა და ეცნობებინა ვინმესთვის სად იმყოფებოდა“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ეს ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ყველაფერს გააკეთებს.

„იმედი გვაქვს რომ, ზაზა სოფრომაძე მხოლოდ მოწმის სტატუსით იკითხება და მას მალე ჩვენს გვერდით ვიხილავთ“- განაცხადა ბურჯანაძემ.

სხვადასხვა პერიოდში ზაზა სოფრომაძე მუშაობდა საქართველოს კურორტოლოგიის ინსტიტუტის წყალტუბოს ფუნქციური დიაგნოსტიკის კაბინეტის გამგედ, სანატორიუმ “თბილისის” მთავარ ექიმის მოადგილედ, სანატორიუმ „სამგურალის” მთავარ ექიმად.
2004 წლიდან ზაზა სოფრომაძე სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, შემდეგ კი, ამავე ფონდის გენერალური დირექტორი იყო.

2008 წლიდან იგი სადაზღვევო კომპანია “აი სი ჯგუფში” სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორად მუშაობდა.

ზაზა სოფრომაძე 1995 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და სოციალური დაცვის და შრომითი ურთიერთობების ქვეკომიტეტს თავმჯდომარეობდა.

ბეჭდვა